საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტი“ ბრენდების ასორტიმენტს აფართოებს.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა დავით ჩხეიძემ განაცხადა, აპრილის ბოლოსთვის თბილისში, „სითი მოლში“ იტალიური ბრენდის Napapijri-ის მაღაზია გაიხსნება.
„იტალიური Napapijri ისეთივე VIP-ბრენდია, როგორც North Face-ი და Timberland-ი. აპრილის შუა რიცხვებისთვის ველოდებით ავეჯს და მაღაზია მალე გაიხსნება“, - თქვა მან.
ამ დროისთვის „მეგასპორტს“ მაღაზიები მხოლოდ თბილისში აქვს, სულ - 11, მაგრამ როგორც მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელი კომპანიის დამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, საქართველოს სხვა ქალაქებში, კერძოდ, ბათუმში მაღაზიის გახსნაზე ფიქრი ისევ დაიწყო.
„პანდემიამდე, 2019 წელს, როცა ნამდვილად გვქონდა ტურისტების ბუმი როგორც დედაქალაქში, ასევე, შავი ზღვისპირეთსა და ზამთრის კურორტებზე, ბათუმში მაღაზიის გახსნას განვიხილავდით, მაგრამ შემდეგ covid-ი დაიწყო. ორი წელი დაგვჭირდა, რომ გონზე მოვსულიყავით და ფინანსური კრიზისი დაგვეძლია. 2023 წელი გაყიდვების მხრივ ნორმალური იყო; ფაქტობრივად, ისეთი წელი იყო, როცა ისევ დავიწყეთ ფიქრი რეგიონებში გაფართოებაზე. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ვაანალიზებთ რამდენად საკმარისია 11 მაღაზია თბილისში“, - თქვა დავით ჩხეიძემ.
„წერტილის“ წამყვანის კითხვაზე - მიგრანტების მილევის ეფექტი დაეტყო თუ არა „მეგასპორტის“ პროდუქციის რეალიზაციას, დავით ჩხეიძე აცხადებს, რომ მისი ბრენდების ძირითადი მომხმარებლები საქართველოს მოქალაქეები არიან და თან მისი შეფასებით, მიგრანტების უმრავლესობა ტურისტი არ იყო.
„ბოლო ორი წელია, ტურისტების რაოდენობა შედარებით ნაკლებია - მე ვგულისხმობ ნამდვილ ტურისტებს; არ მგონია, მართებული იყოს, რუსეთიდან თუ უკრაინიდან დევნილებს ტურისტები ვუწოდოთ“, - დასძინა „მეგასპორტის“ დამფუძნებელმა.