ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გაავრცელა.
დღევანდელი გადაწყვეტილებების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.
„როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გარდა ამისა, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური გადაწყვეტილება გავრცელდება პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზეც.
გარდა ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს.




























