მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის პორტი ან სახელმწიფომ ააშენოს ან სხვა ინვესტორი ეძებონ

5c93959ab9e48
შოთა ტყეშელაშვილი
21.03.19 17:47
1678
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ ექნება, ის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სხვა ინვესტორით ჩაანაცვლებს. მინისტრი არც იმას გამორიცხავს, რომ პორტი სახელმწიფომ ააშენოს და მხოლოდ ამის მერე დაიწყოს მისი ოპერატორის ძიება. 

დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვაზე პასუხისას ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სხვა ალტერნატიული ინვესტორი, რომელსაც სახელმწიფომ აღნიშნული პროექტის განხორციელება მიანდოს.

"ქალბატონი სალომე სამადაშვილის კითხვას მინდა ვუპასუხო, იმის შესახებ არსებობს თუ არ არსებობს ალტერნატიული ინვესტორი. ქალბატონო სალომე, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის ასეთი ინვესტორის თაობაზე ცნობილი არ არის. ასეთი ინვესტორის თაობაზე არ არის ცნობილი არც მთავრობაში, ჩვენ არავისთან არ ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ვეძებთ ალტერნატიულ გზებს ამ ეტაპზე.

მე წავიკითხე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადების ტექსტშიც, რატომ თქვა მინისტრმა საერთოდ იმასთან დაკავშირებით, რომ ალტერნატიული გზები არსებობს.

ჯერ ერთი ვთქვი იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტმა დამისვა კონკრეტული კითხვა და ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი არის ეს. ისევე, როგორც თქვენ დღესაც ამ დარბაზში სვამთ კითხვას, რომ რა შეიძლება მოხდეს ამასთან დაკავშირებით. ამაზე პასუხი არის ის, რომ ვცდილობთ ვიმუშაოთ ამ ინვესტორთან და მივაღწიოთ წარმატებას თუ ეს იქნება შესაძლებელი, თუ ეს არ მოხდება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ პროექტის შესრულებით და ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, ჩვენ არ გვექნება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ვეძებოთ ალტერნატიული ინვესტორი ან განვიხილოთ იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ ხომ არ ააშენოს ჯერ ეს პორტი და მერე ეძებოს ასეთივე პორტის ოპერატორი, ისევ ინვესტორი, რომელიც ამ პროექტის ოპერირებას მოახდენს. სახელმწიფოს არასოდეს არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება, მომავალში იმის სურვილი, რომ ჰქონდეს სახელმწიფო საკუთრებაში პორტი," - ამბობს ცქიტიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები