ბრალის შემადგენლობას სამწუხაროდ ჯერ ვერ გავეცანი, თუმცა ზოგადად ვერ გავიზიარებ იმ შეხედულებას, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, ან ბატონ გვარამიასთან, როგორც მედიის წარმომადგენელთან, ბრძოლა, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა ნიკა გვარამიასთვის წაყენებული ახალი ბრალის შესახებ დასმულ შეკითხვას.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, დიდი ოდენობით უძრავი ქონებების უკანონოდ დაუფლებას ედავება.
რაც შეეხება შეკითხვას - ხომ არ უკავშირდება ბრალის დამძიმება უახლოეს დღეებში „მთავარი არხის“ ეთერში გასვლას, მაია ცქიტიშვილის თქმით, არ იქნება მართებული ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება, თუნდაც იმიტომ, რომ კომპანია „რუსთავი 2“-ის ინტერესების დაზიანებაზე ბრალი ნიკა გვარამიას დიდი ხნის წინ წარეგდინა.
„ეს პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, ყველას გვექნება საშუალება დავაკვირდეთ სასამართლო სხდომებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

























