მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მისი უმრავლესობიდან გასვლის მიუხედავად, შრომის კოდექსში ცვლილებები შევა

5df4d7dd926aa
ნუცა ბაზლიძე
14.12.19 19:30
1332
"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ დოკუმენტის განხილვის საკითხი ამ ეტაპზე შეჩერებულია და ეს პროცესი სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.

"მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა კანონპროექტის მიღების პროცესი გარკვეულწილად შეაფერხა, ვინაიდან ნოემბერ-დეკემბრის დღის წესრიგები შეიცვალა, პოლიტიკა სულ სხვა საკითხებზე გადაერთო", - განმარტა კანონპროექტის ავტორმა BM.GE-სთან საუბრისას.

კითხვაზე, მის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების ფაქტი, იქონიებს თუ არა გავლენას ამ კანონპროექტის მიღების პროცესზე, ცქიტიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე მხარდაჭერას მაინც ელოდება.

"გარკვეულ საკითხებზე მაინც ველოდები მხარდაჭერას, რადგან ეს არ იყო მხოლოდ ჩემი ინიციატივა და კანონპროექტს უმრავლესობაში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტებში. საბოლოოდ, იმის თქმა, თუ რა ფორმას მიიღებს დოკუმენტი, გამიჭირდება, რადგან, მე უკვე აღარ მაქვს მოლაპარაკებების შესაძლებლობები. ახლა ეს უკვე ჩემი კოლეგების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. რთული სათქმელია, პროცესები როგორ წარიმართება", - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი შრომის ბაზარზე არაერთ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზღუდვას, რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულთათვის შეთავსებით მუშაობის აკრძალვას, სტაჟირებისთვის ახალი პირობების შემოღებას, მინიმალური ხელფასის ცნების განსაზღვრას, შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები