„კონსორციუმის და ხაზარაძის მხრიდან, სამწუხაროდ, არაერთხელ გვინახავს ემოციური და ცოტა ნაჩქარევი განცხადებები“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის გაცემული ნებართვის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, უკვე გაუქმებულია, თუმცა იქამდე ამ თემაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა;
თემას გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძეც და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!“
მინისტრის თქმით კი, მათ (მთავრობამ) არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.
„რაც შეეხება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც მათ შორის, სამწუხაროდ, არაერთხელ გვაქვს ნანახი მათი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები, ცოტა ნაჩქარევი ხანდახან. არერთხელ, არამარტო სიტყვით, საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ - სამთავრობო სტრუქტურებს ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს უპრეცედენტო დამოკიდებულება, უნიკალური პირობები, მათ შროის ამ პროექტისთვის შექმნილი, არაერთი მხარდამჭერი დათმობა, კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ ამ პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნას. მათ შორის გვაქვს ინვესტიცია ამ პროექტში. სახელმწიფო აპირებს 100 მილიონი დოლარის ჩადებას, 300 მილიონის სარკინიგზო და საგზაო ინფარასტრუქტურის შექმნას, 60 მილიონამდე უკვე იქნა დახარჯული ამ ნაწილში“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.
თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.
თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიფიემ ტერმინალსმა“.

























