მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი ხაზარაძეს პასუხობს: ინვესტორი ოთახიდან არ გამიგდია

5d833e8b85315
დავით ჯალაღონია
19.09.19 12:38
1325
ვიცე–პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კიდევ ერთხელ პასუხობს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ–ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინვესტორს, ერთ–ერთ ბოლო შეხვედრაზე არასაჭირო უწოდა.

"მამუკა ხაზარაძე ესწრებოდა ამ შეხვედრას? – არ ესწრებოდა, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მე ამ თემაზე გუშინაც გავაკეთე კომენტარი. ამ კომპანიასთან და ნებისმიერ სხვა ინვესტორთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორცილებას აპირებს, მთავრობას აქვს ყოველთვის ძალიან ყურადღებიანი და დადებითი დამოკიდებულება.

ჩვენ ჩვეულებრივ საქმიან რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", პირველ რიგში ამ კონკრეტული შემოთავაზებული ინვესტორის შეთანხმების პროცედურებთან დაკავშირებით. არა თუ არ გამიგდია ინვესტორი ოთახიდან, არამედ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია კონკრეტულად ამ ინვესტორთან დაკავშირებით და ერთად ვიმსჯელოთ, ეს ინვესტორი შეძლებს თუ არა, რომ ჩაანაცვლოს 45%–იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის ინვესტორებისთვის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისშემშლელ ფაქტებზე "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

"ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდნენ, ეს არის ინგლისური კომპანია, ფონდი, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, ოქმიც არსებობს, რომელიც გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა პირდაპირ დააფიქსირა ეს სიტყვები – ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ეს არის კომპანია "მერიდიანი", საინვესტიციო ფონდი", – განაცხადა ხაზარაძემ. 

გარდა ამისა, ხაზარაძემ შედარებით შორეულ წარსულში მომხდარი ფაქტიც გაიხსენა. 

"ფორმალურად, 15 ოქტომბრამდე გვაქვს დედლაინი, ვადა, სადაც უნდა წარვადგინოთ ბოლო საბუთი, ანუ ინვესტორის საბუთი. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ორი ინვესტორი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებით – ერთი უზარმაზარი ინგლისური ფონდია და მეორე ამერიკული, ერთ–ერთი ამერიკული ფონდი ორჯერ იქნა გაჩერებული ერთ–ერთი ჩვენი ჩინოვნიკის (მიერ).... უბრალოდ, არ ვიცი, თორემ აუცილებლად ვიტყოდი, არ გაგვიმხილეს ამერიკელებმა (ვინაობა) და გვითხრეს, რომ მათ მიიღეს ორჯერ გაფრთხილება – ერთი, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის პომპეოს ეთერში გამოსვლამდე, რომ მათ შეეჩერებინათ ინვესტიცია ჩვენთან, ეს არის 40 მილიარდიანი ფონდი, შემდეგ, პომპეოს განცხადებიდან მეორე დღეს, როცა ბახტაძე იმყოფებოდა აშშ–ში, გვიკავშირდება იგივე კომპანია და გვითხრეს, რომ "მწვანე შუქია", გაგრძელდა ეს პროცესი.. 

აგვისტოში უკვე ველოდებით უკანასკნელ დოკუმენტს, რომ დაამთავრეს შიდა აუდიტი, ყველაფერზე თითქმის მოვილაპარაკეთ და ისევ არის ნიშანი... აგვისტოში ვიღებთ ანალოგიურ კითხვას... უთხრეს, რომ გაჩერდით", – განაცხადა ხაზარაძემ. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გაჩერდა თუ არა ინვესტორი, ხაზარაძე პასუხობს – "ისევ ველოდებით". 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები