შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ამერიკის ხელისუფლებას 2008 წლის კრიზისის პერიოდში ე.წ. უხარისხო იპოთეკური ფასიანი ქაღალდების გაყიდვებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ჯარიმის სახით 5.28 მილიარდი აშშ დოლარის გადახდაზე დათანხმდა.
აღნიშნული თანხიდან 2.48 მილიარდი ჯარიმას მოიცავს და დანარჩენი კი მომხმარებლისთვის გადასახადებს, რომლებმაც უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრი ვარდნის გამო იზარალეს.
არსებული ინფორმაციით, Credit Suisse-ი ამ ნაბიჯზე მას შემდეგ წავიდა, რაც გერმანულმა ბანკმა Deutsche Bank აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე მზადყოფნა გამოაცხადა.
Credit Suisse-ი ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი უდიდესი ბანკი გახდა, რომელმაც გამოძიების მიმდინარეობისას საკუთარი დანაშაული აღიარა.
გერმანიის უმსხვილესი ბანკი Deutsche Bank აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნით, კომპენსაციის სახით, 7.2 მილიარდ აშშ დოლარს გადაიხდის, საიდანაც 3.1 მილიარდი აშშ დოლარი ჯარიმაა, დარჩენილი თანხა კი დაზარალებულ მეანაბრეებს მოხმარდება.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი გერმანულ ბანკს ჯარიმის სახით ორმაგი ოდენობის თანხას თხოვდა და თუკი ბანკი 14 მილიარდს გადაიხდიდა, ეს აშშ-ის მთავრობისთვის ყველაზე დიდი ჯარიმა იქნებოდა, რომელიც მან უცხოური ბანკისგან მიიღო.

























