მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Croco Airways-ი ქალაქებში, სადაც საქართველო EURO-2024-ზე ითამაშებს, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

თვითმფრინავი

Croco Airways-ი სამივე ქალაქის მიმართულებით, სადაც საქართველო EURO-2024-ზე ითამაშებს პირდაპირ რეისებს შეასრულებს.

კომპანიაში BM.GE-სთან განაცხადეს, რომ ტურის სრული ღირებულება 4000-დან 5000 ლარამდე იქნება.

"საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. შესაბამისად, ქართველი ქომაგების ყურადღებაც ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული. იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივრები კიდევ უფრო გავახაროთ და ევრო 2024-ზე დასასწრები პროცესებიც გავუმარტივოთ, Croco Airways-ი ივნისში საქართველოს სამივე თამაშზე 3 ავიატურს განახორციელებს. თბილისიდან დაინიშნება პირდაპირი რეისები იმ ქალაქების მიხედვით, სადაც მატჩები გაიმართება: დორტმუნდი, ჰამბურგი და გელზენკირხენი", - წერს კომპანია bm.ge-სთვის მიწერილ პასუხში.

თვითმფრინავი, რომლითაც რეისები განხორციელდება გათვლილია, დაახლოებით 190 ადამიანზე.

სამოგზაურო პაკეტში შედის: პირდაპირი ფრენა თბილისიდან, ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი, მატჩის ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საგზურში ბევრი საჩუქარიც შედის.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Croco Airways-მა ქართველ გულშემატკივარს საშუალება მისცა ქართველი ფეხბურთელებისთვის უცხოეთში ექომაგათ. 2023 წელს, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ, Croco Airways-ის საშუალებით რამდენიმე ასეული ქართველი გაემგზავრა ნეაპოლში პირდაპირი რეისით და ხვიჩა კვარაცხელიას, დიეგო არმანდო მარადონას სტადიონიდან, უქომაგა", - წერს Croco Airways-ი.

ტურების გაყიდვა 3 აპრილიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ეროვნული გუნდის თამაშები 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები