მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Crosscreators – სტარტაპი, რომელიც აუგმენტურ რეალობაზე დაფუძნებულ მარკეტინგს გვთავაზობს

63bbc1eb13aae
BM.GE
09.01.23 11:34
659
დღეს კომპანიების წარმატებას დიდწილად ეფექტური მარკეტინგი განსაზღვრავს. სწორედ ამ მიზნით, ანი მანჯავიძემ და დიმიტრი ფარაფონტოვმა გადაწყვიტეს, შეექმნათ სტარტაპი, რომელიც ბიზნესებს ინოვაციურ - აუგმენტურ რეალობაზე (AR) დაფუძნებულ მარკეტინგულ გადაწყვეტებს შესთავაზებდა. ამ იდეით კი ისინი ცოტა ხნის წინ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდნენ.

კონკრეტულად რას სთავაზობს Crosscreators მომხმარებლებს? ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ანი მანჯავიძეს გავესაუბრეთ:

- როგორ გაგიჩნდათ მსგავსი სპეციფიკის მქონე სტარტაპის შექმნის იდეა?

13 წელი მარკეტინგის სფეროში ვმუშაობდი და ყოველთვის მინდოდა, გამომეყენებინა განსხვავებული კონტენტი იმ მთავარი მიზნების მისაღწევად, რომლებიც ყველა კომპანიას აერთიანებს - საკუთარი მომხმარებლების ყურადღების მიქცევა, სწორ აუდიტორიაზე გასვლა და შემდგომ კამპანიაში მათი მაღალი ჩართულობა.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად აუგმენტური რეალობის კონტენტი საუკეთესო ინსტრუმენტია, თუმცა, მისი დამზადება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, სადაც საშუალო და მცირე ბიზნესები შეძლებდნენ მარტივად მიეღოთ მათზე მორგებული AR კონტენტი.

- როგორია Crosscreators-ის დამფუძნებლების კარიერული გამოცდილება?

როგორც აღვნიშნე, მარკეტინგის სფეროში 13 წლიანი გამოცდილება მაქვს, ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი როგორც საერთაშორისო, დიდ სარეკლამო კომპანიებში, ასევე, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად ვიყავი ჩართული ტექნოლოგიურ სტარტაპ ეკოსისტემაში.

დიმიტრი ფარაფონტოვი კი 14 წელი ფულ სტეკ დეველოპმენტის სფეროში მუშაობდა და ის უკრაინის წამყვან დეველოპერულ კომპანიებში უფროსი ტექნოლოგიური ოფიცრის პოზიციებს იკავებდა.

- რა კონკრეტულ სერვისს სთავაზობთ მომხმარებლებს?

მარკეტინგული კამპანიები სულ უფრო და უფრო კარგავს ეფექტურობას, რადგან რთულდება მომხმარებლის ყურადღების მიქცევა. თუმცა, ამ გამოწვევასთან გამკლავება მარტივია მაშინ, როდესაც კომპანია საკუთარ სტრატეგიაში აუგმენტური რეალობის კონტენტის იმპლემენტაციას ახდენს.

აუგმენტური რეალობა არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვინაიდან, პროფესიონალები ამ კუთხით რთულად მოსაძებნია, სააგენტოები - ძალიან ძვირი. გარდა ამისა, მსგავსი მარკეტინგი ძალიან დიდ დროით რესურსს მოითხოვს.

Crosscreators-ის დახმარებით კი, AR კონტენტის მიღება ხელმისაწვდომი ხდება მათთვისაც, ვისაც არასდროს ჰქონია ამ ტექნოლოგიასთან შეხება და არ იცის, როგორ გამოიყენოს ის.

პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ მომხარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს დაკვეთა და მიიღოს სასურველი AR კონტენტი: იდეიდან შესრულებამდე.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ექსპერტები ქმნიან ნებისმიერი ტიპის კონტენტს - იქნება ეს სოციალური მედიისთვის (ფილტრები /ეფექტები), ვებგვერდებისთვის ან/და აპლიკაციისთვის.

- საიდან დაიწყეთ ეს საქმე?

ჩვენ მოვიპოვეთ სახელმწიფო გრანტი, რათა შეგვექმნა პროტოტიპი; ჯერ ერთი წელიც არაა, რაც ბაზარზე ვართ და დაწყების დღიდან ყოველთვიურად უკვე 15-20%-იანი ზრდა გვაქვს.

- სტარტაპ-გზა წარმოუდგენელია სირთულეების გარეშე - თქვენ რა წინაღობა შეგხვდათ დაფუძნებიდან დღემდე?

პირველი სირთულე რაც შეგვხვდა, იყო რუსეთ-უკრაინის ომი, ვინაიდან სტარტაპის თანადამფუძნებელი და ზოგიერთი გუნდის წევრი უკრაინელია. თუმცა, მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს ფაქტი ბიზნესზე არ ასახულიყო და მძიმე ვითარების მიუხედავად, ერთად გვემუშავა ჩვენს იდეებზე.

- როგორ შეაფასებთ Crosscreators-ის ამჟამინდელ მდგომარეობას?

გვყავს აქტიური მომხმარებლები, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. აქტიურად ვართ წარმოდგენილები ევროპის ბაზარზე და ვიმატებთ ახალ, დიდ პარტნიორებსა და ინვესტორებს, რათა საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო სწრაფად გავიზარდოთ.

- გიცდიათ თუ არა ბედი სხვა აქსელერატორში აქამდე?

სულ ახლახანს დავასრულეთ Startup Wise guys XR აქსელერაცია, სადაც 2000-ზე მეტ სტარტაპს შორის გავიმარჯვეთ და მოვხვდით იმ საუკეთესო სტარტაპების ათეულში, რომლებიც მომავლის ტექნოლოგიებში იმერსიულ პროდუქტებს ქმნიან.

- რატომ გაგიჩნდათ სურვილი, მონაწილეობა მიგეღოთ 500Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამაში?

2 წლის წინ 500Georgia-ს პირველ ნაკადში ვიღებდი მონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის მარკეტინგის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ამ პროექტის ბენეფიტები ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო და ამიტომ გადავწყვიტე, ამჯერად მონაწილეობა გუნდთან ერთად მიმეღო.

- როგორი მოლოდინები გაქვთ პროგრამასთან დაკავშირებით?

ვიმედოვნებთ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული დამატებითი ვალიდაციის და პრაქტიკული განათლების შემდეგ, კიდევ უფრო სწრაფად შევძლებთ საერთაშორისო ბაზარზე გაზრდას, კონკრეტულად კი - შეერთებული შტატების ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.

- როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობას აძლევს 500Georgia სტარტაპებს და რატომაა მნიშვნელოვანი მათთვის ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

იმ სტარტაპებს, რომლებიც ცდილობენ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას - ან გაზრდას, აუცილებლად სჭირდებათ ძლიერი პარტნიორი, რომელიც მათ საჭირო ცოდნას გაუზიარებს და მისცემს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოახერხონ დასახული მიზნების მიღწევა რაც შეიძლება მოკლე დროში, რაც შეიძლება მეტად ეფექტურად.

- და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, ავითვისოთ ამერიკის ბაზარი, ვინაიდან ის ყველაზე მეტადაა მზად ჩვენი სერვისებისთვის. დღეს, ჩვენ ამ ბაზარზე უკვე გვყავს ორგანული მომხმარებლები და გვსურს, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მათი რაოდენობა.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები