მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Crush 525 პირველად გეგმავს ექსპორტს ვილნიუსში

CRUSH 525

ღვინის კომპანია Crush 525 საკუთარი ბრენდის ღვინოების ექსპორტს ლიტვაში, ვილნიუსში გეგმავს, - ეს კომპანიის ისტორიაში პირველი საექსპორტო აქტივობა იქნება. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის მეღვინემ და დამფუძნებელმა, გოგა თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საექსპორტო მიმართულებით კომპანიას ამ ეტაპზე ორი ძირითადი ვექტორი აქვს. ერთია ავსტრია, სადაც აპრილში ვენაში დაგეგმილ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო მეორე - ლიტვა, კერძოდ ვილნიუსი, სადაც იმპორტიორთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენთვის ეს იქნება პირველი რეალური საექსპორტო ნაბიჯი. საექსპორტო მიმართულებით ორი ვექტორი გვაქვს: ერთი - ავსტრიაში, ვენაში ვიქნებით აპრილში წარმოდგენილი ძალიან საინტერესო გამოფენაზე, და მეორე – ვილნიუსში ვგეგმავთ უკვე იმპორტიორთან Crush 525-ის ღვინოების ექსპორტს“, – ამბობს თევზაძე.

მისივე განმარტებით, უცხოელი პარტნიორები ამჟამად კომპანიის პროდუქციას ეცნობიან. ინტერესს იწვევს როგორც კლასიკური მეთოდით დაყენებული, ისე ქვევრის ღვინოები, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორები ხარისხი, სტილისტიკა და საფასო პოლიტიკაა.

„ამ ეტაპზე ნიმუშებისა და ფასების შეჯერების პროცესში ვართ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხი, სტილისტიკა და, რა თქმა უნდა, ფასები. საექსპორტოდ საკმაოდ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ფასები შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად შეჯერდეს გაყიდვები. ეს აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალ ბაზარზე შედიხარ“, – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

თევზაძის თქმით, მცირე ზომის ქართული კომპანიისთვის არარაციონალურია ერთდროულად მრავალ ბაზარზე გაფანტვა, ამიტომ Crush 525 ორი კონკრეტული ბაზრის კონსოლიდაციაზე გააკეთებს აქცენტს.

„ძალიან ბევრ ბაზარზე ერთდროულად გასვლა – იქნება ეს ევროპა, ამერიკა თუ აზია – ასეთი ზომის კომპანიისთვის რთულია. გვირჩევნია კონცენტრირება ორ ბაზარზე მოვახდინოთ და სტაბილურად გავიდეთ, მაგალითად, პირველ ეტაპზე, 4-5 პალეტი ღვინით, დაახლოებით 2 000-3 000 ბოთლით. ერთი წელი მაინც საჭიროა, რომ მომხმარებელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი შეეჩვიონ პროდუქტს. შემდეგ უკვე მათი უკუკავშირის მიხედვით გავზრდით იმ სახეობებს, რომლებიც მათთვის საინტერესო იქნება“, – აცხადებს იგი.

კომპანია ექსპორტზე „ჰორეკა“ სექტორზე – სასტუმროებსა და რესტორნებზე აკეთებს სწორებას და მასობრივი საცალო ქსელების მიმართულებით მუშაობას არ გეგმავს.

„ჩვენ იმ რაოდენობებს ვერ დავაკმაყოფილებთ, რასაც მაგალითად გერმანიაში Lidl-ის ქსელი ითხოვს – 300 000 ბოთლი და თან ძალიან დაბალ ფასად, ზოგჯერ ბოთლი 1.5 ევროც კი. ასეთი მასშტაბი და სეგმენტი ჩვენთვის არ არის. არც გვაქვს ეს პრეტენზია“, – ამბობს თევზაძე.

მისივე თქმით, Crush 525 პრემიუმ სეგმენტში დარჩენას გეგმავს, თუმცა კონკურენტუნარიანი ფასებით.

„ჩვენ ვრჩებით პრემიალურ სეგმენტში, ოღონდ მაქსიმალურად სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ფასებით. ქართული ღვინის ნიშა, მისი სახელი და ჯიშების ცნობადობა ჯერ კიდევ გასაზრდელია. არ გვინდა, რომ იაფიან კატეგორიაში გადავარდეს, როგორც ეს ზოგიერთ ქვეყანას დაემართა, საიდანაც შემდეგ ამოსვლა ძალიან რთულია. ვფიქრობთ, საქართველო არ უნდა გადავიდეს მას პროდუქციაზე“, – აცხადებს გოგა თევზაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ინდუსტრიულ კომპანიებს საკუთარი სტრატეგია და ბაზარი აქვთ, Crush 525-ის არჩევანი ნიშური, ხარისხზე ორიენტირებული და ეტაპობრივი ექსპანსიის მოდელია, ხოლო ვილნიუსში დაგეგმილი ექსპორტი ამ სტრატეგიის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები