კიბერსპორტის, ყველაზე რთული სახეობის CS:GO-ს მოთამაშეები კომპანიებს ფინანსურ დახმარებას სთხოვენ.
“დაგვეხმარეთ, შესაძლებლობების ფარგლებში, თუ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად, რომ საქართველო ღირსეულად უნდა წარსდგეს კიბერსპორტის ყოველწლიურ მსოფლიო ჩემპიონატზე,”- ნათქვამია CS:GO-ს მოთამაშეების მიერ გავრცელებულ წერილში.
მეტი დეტალის გასაგებად, Bm.ge გუნდის მოთამაშე დაჩი კევლიშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, მათმა, კიბერსპორტის ქართულმა გუნდმა IHOG-იმ, რომელიც საქართველოს ჩემპიონია, 2023 წლის 3 აპრილს მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევ ფინალურ ტურში გაიმარჯვა და 2023 წლის 24 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დაფინანსება სჭირდება.
მსოფლიო ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ იასიში ტარდება და IHOG-ი ამ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
გუნდის მოთამაშემ Bm.ge-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ჩემპიონატში მონაწილეობისათვის ორი მთავარი რამ სჭირდებათ.
“გვჭირდება ვარჯიში, რისთვისაც უნდა დავიქირაოთ დარბაზი 5 კომპიუტერით (5 მოთამაშეა) , ასევე, უნდა დავიქირაოთ უცხოელი მწვრთნელი, რომლის ჰონორარის ღირებულებაც თვეში $1000-ია. Შშემდეგ კი იმ სახსრების საჭიროებაა, რომელიც რუმინეთში გასამგზავრებლად გვჭირდება, აქ შედის: მგზავრობის, სასტუმროს, მაისურების, კეპების, კვების თანხა და ა.შ. ჯამში, დაახლოებით 8 000 ლარი გვჭირდება“, - განმარტავს გუნდის მოთამაშე.
მისივე თქმით, გუნდი მზად არის კონკრეტული კომპანიის ბანერი განათავსონ თავიანთ სათამაშო მაგიდაზე, ან კომპანიის ლოგო დაიტანონ მაისურებზე.
„ვინაიდან ჩვენ სპონსორებთან ურთიერთობის გამოცდილება არ გვაქვს, გადავწყვიტეთ, ამ წერილით მიგვემართა კონკრეტული კომპანიებისათვის. კომპანიების ფინანსური დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა მან.
მსოფლიო ჩემპიონატის რეგიონული ტურნირის ორგანიზატორი ფედერაცია „IESF”( International Esports Federation) გახლავთ, ჩემპიონატის ფარგლებში საპრიზო თანხა ჯამში 500,000$-ია.
ცნობისთვის: ელექტრონული, იგივე კიბერსპორტი სპორტის ახალი მიმდინარეობაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კიბერსპორტში მილიონობით ადამიანია ჩართული და ათასობით ჩემპიონატი ტარდება. ტრადიციულ, სტანდარტულ ტურნირებში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. თუმცა, არსებობს პროფესიონალური ლიგები, მსოფლიო ჩემპიონატები, სადაც მხოლოდ პროფესიონალი მოთამაშეები და გუნდები დაიშვებიან. პროფესიონალ მოთამაშედ ქცევა კი, დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული.