პოპსების პირველი ქართული ბრენდი „ცუმბო პოპსი“ მომხმარებლებს ხილისგან დამზადებულ გაყინულ დესერტს სთავაზობს, რომელიც მისაღებია ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, სპორტსმენებისთვის, დიაბეტის მქონეთათვის და მათთვის, ვისაც გლუტენის და ლაქტოზის აუტანლობა აღენიშნება. ამის შესახებ BM.GE-ს „ცუმბო პოპსის“ დამფუძნებელმა მარი ჭუმბურიძემ განუმარტა.
„იქიდან გამომდინარე, რომ პოპსი, არც თუ ისე ნაცნობი პროდუქტი იყო ქართული ბაზრისთვის, საკმაოდ დიდი ენერგია დაგვჭირდა, მისი ცნობადობის გასაზრდელად“,- აღნიშნავს მარი ჭუმბურიძე.
როგორც ის განმარტავს, თავდაპირველად, პროდუქცია მზადდებოდა თბილისში, ხოლო მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს საკუთარი ბაღი გაეშენებინათ, საწარმოო პროცესიც საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში გადაიტანეს.
რაც შეეხება ნედლეულს,პოპსები ადგილობრივი სეზონური ხილით მზადდება. ასევე, მარი ჭუმბურიძის განმარტებით, „ცუმბო პოპსი“ თანამშრომლობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს ფერმერებთან.
„ვიმედოვნებ, სულ მალე ჩვენი ბაღისგან მიღებულ მოსავალსაც გამოვიყენებთ პოპსების დასამზადებლად. სამომავლოდ, ჩვენი პატარა სივრცის გახსნასაც მოვიაზრებთ. ასევე, ჩვენი ბაღის გაფართოებას,“ - აღნიშნავს მარი ჭუმბურიძე და დასძენს, რომ ოპერირებისას კომპეტენტური ადამიანების პოვნა და სარეალიზაციო სივრცეებთან შეთანხმება გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
„ცუმბო პოპსის“ შეძენა შესაძლებელია სუპერმარკეტ „ჯორჯიტას“ დიდუბისა და ვაკის ფილიალებში, კაფე „ბოტანიკასა“ და სამაგიდო თამაშების კლუბ „წიბახას“ სივრცეში. ასევე, გათვალისწინებულია, უფასო მიტანის სერვისი.
ამასთან, როგორ მარი ჭუმბურიძე განმარტავს, „ცუმბო პოპსი“ აქტიურად ერთვება ფესტივალებსა და ღონისძიებებში, ამ მხრივ კი კორონავირუსის ფონი მათ ოპერირებასა და გაყიდვების რაოდენობაზეც აისახა.
ცნობისთვის: „ცუმბო პოპსი“ მე-3 წელია, რაც ოპერირებს. პირველადი ინვესტიცია პირად სახსრებს მოიცავდა, შემდეგ კი, სხვადასხვა პროექტში ჩართულობით, გარკვეული ფინანსური რესურსიც მობილიზდა. ამ ეტაპზე, „ცუმბო პოპსი“ 6 ადამიანს ასაქმებს. პროდუქციის ფასი კი 3 ლარს შეადგენს, თუმცა მისი დამფუძნებლის განმარტებით, ფესტივალებზე სპეციალური ფასი მოქმედებს.