უძრავი ქონების კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ს პარტნიორი საინვესტიციო მომსახურების საკითხებში გიორგი ჯაფარიძე აცხადებს, რომ უძრავ ქონებაზე ფასებმა დაახლოებით 15%-ით დაიკლო.
როგორც ექსპერტი „ბიზნესკონტრაქტთან“ განმარტავს, ფასები 10-15%-ით შემცირებულია ბინებზე, კომერციულ ფართებზე კი კლება უფრო მაღალია და დაახლოებით 15%-20%-ს აღწევს.
მისი თქმით, ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს: ბაზარზე მაღალი მიწოდება, მაღალი კონკურენცია და ლარის გაუფასურება, რამაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეამცირა.
„უძრავ ქონებაზე, ბინებზე ფასები შემცირდა დაახლოებით 15%-ით. ამასთან, დეველოპერულ კომპანიებს მოუწიათ, პირობების გადახედვა და უფრო კონკურენტული შეთავაზებების გაკეთება მომხმარებლებისთვის: მაგალითად აღარ მოითხოვება პირველადი ტრანში, რომელიც ქონების ღირებულების 10%-15%-ს მოიცავდა, არის საშეღავათო პერიოდები და ა.შ.“,- აცხადებს ექსპერტი.
Cushman & Wakefield Georgia-ს პარტნიორი საინვესტიციო მომსახურების საკითხებში აცხადებს, რომ მთლიანობაში სექტორში გაყიდვების რიცხვი არ შემცირებულა, თუმცა, მოიკლო ფულის მიმოდინების ნაკადმა. უფრო კონკრეტულად, ხელშეკრულებები ფორმდება, მაგრამ მომხმარებელი თანხას ნაკლებს იხდის - იხდის განვადებით.

























