საქარველო სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობების მხრივ გამოწვევების წინაშე დგება. სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით ქართული ბიზნესი არაკონკურენტულ პირობებში აღმოჩნდება, რადგან ევრაზიურლი კავშირის წესების მიხედვით, წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობა დღგ-სა და აქციზის გადასახადისგან თავისუფალია. ამ გადაწყვეტილებით, სომხეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ირღვევა. რა ეკონომიკური დანაკარგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ, - თემაზე PMCG კვლევითმა ცენტრმა კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად კვლევა ჩაატარა, -კვლევის შედეგებზე ’’საქმიან დილასთან“ PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მაია გრიგოლია საუბრობს.
- ქალბატონო მაია, სომხეთში შეცვლილი რეგულაციები საქართველოს ეკონომიკაზე როგორ აისახება?
- სომხეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ბუნებრივად ვაჭრობა ნებისმიერი ხელშეკრულების გარეშეც იქნებოდა და იარსებებს. ჩვენი სავაჭრო ბრუნვიდან და მეზობლობიდან გამომდინარე, სომხეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ეს საკვლევი თემა დროული იყო და ამაზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია. ის ცვლილებები, რომელიც სომხეთში ე.წ. საბაჟო კავშირში გაერთიანების შედეგად უკვე მოხდა, საქართველოს ეკონომიკაზე, ექსპორტსა და რეექპორტზე აისახა. რეექსპორტზე თუ ვისაუბრებთ, განსაკუთრებით ავტომობილების წილი უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ 2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც სომხეთმა ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან სომხეთში დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული.
- რა აჩვენა თქვენმა კვლევამ, ეკონომიკის რა სფეროზე მოვა ყველაზე მძიმე წილი, როდესაც ყველა ცვლილება ამოქმედდება, რომელი სფეროებია საქართველოსთის მნიშვნელოვანი?
- ზოგადად 2013 წლიდან მოყოლებული სავაჭრო ბრუნვა არა მარტო სომხეთთან, არამედ ყველა ქვეყანასთან შემცირდა. კლება, რომლიც საქართველოს ექსპორტში აღინიშნა სომხეთში, არ შეიძლება მხოლოდ ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას დავაბრალოთ, რადგან ზოგადად ტენდენცია 2014- შიც და 2015-შიც შემცირებულია.
ჩვენ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ვართ დამოკიდებული ექპორტისა და იმპორტის მხრივაც, რადგან აქ მხოლოდ ჩვენს ექსპორტზე არ არის საუბარი. ისინი ჩვენს მოთხოივნას აკმაყოფილებენ, რაც ასევე ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელშეკრულების შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ, რადგან ის ტარიფები, რომელსაც ევრაზიის კავშირი გვთავაზობს, თუ კი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ გვექნება, არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და სრულიად არალიბერალური, ყველა სექტორს ეხება და დაახლოებით 3-ჯერ იზრდება ტარიფების მოცულობა თითქმის ყველა ჩვენს მიერ ექპორტირებულ პროდუქტზე. აღნიშნული ხელშეკრულების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ევრაზიის კავშირში სომხეთის ყოფნა არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთან ნულოვანი ტარიფის რეჟიმი ჰქონდეს, თუმცა იმის გამო, რომ აქამდე არსებული პროცესები დაგეგმილი და ცნობილი არ ყოფილა, შესაბამისად არის იმის რისკი, რომ ერთ მშვენიერ დღეს სომხეთის სრულიად ინტეგრაციის შემთხვევაში საქართველო ამ ხელშეკრულების გარეშე აღმოჩნდეს, ამაზე მუდმივად ზრუნვა მნიშვნელოვანია.

























