მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

5a094d304f7e9
BM.GE
13.11.17 11:38
1806
საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები ხორციელდება. ცვლილებათა პროექტი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა: 

"წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით: 

• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას. 

თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გადის. 

• ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად. შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად, მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ პოსტზე და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. 

• აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. 

ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატი, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. გიორგი მღებრიშვილი, მისი გამოცდილებით, იქნება ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი. 

ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორია. 

მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის“ მართვის პირობებში. 

სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. 

მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში, საფრანგეთში. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში. 

მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 

ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. 

იგი კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, და ა.შ. 

• კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე. 

ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება, ერთის მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან. 

მეორეს მხრივ, რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, მისი ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას. 

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს. 

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში - ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. 

ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს. 

ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე. 

• პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. 

ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა. 

• ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს. 

• საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარვდგებით პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები