აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი აცხადებს, რომ 9 თვეში ევროპაში იმდენივე გაზის ექსპორტი განახორციელეს, რამდენიც 2021 წელს, ჯამში.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანიდან ევროპაში ექსპორტირებულია 8.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 8.2 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.
“2021 წელს ევროპაში გაზის ექსპორტმა 8.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამ მოცულობის ექსპორტი წელს 9 თვეში უკვე განხორციელდა. იანვარ-სექტემბერში 8.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი მოხდა ევროპაში. 6.1 მილიარდი კუბური მეტრი ექსპორტირებულია თურქეთში, ხოლო 1.9 მილიარდი - საქართველოში. ამ პერიოდში გაზის ექსპორტი, ჯამში, 22.6%-ით არის გაზრდილი”, - წერს შაჰბაზოვი "ტვიტერზე".
მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირმა აზერბაიჯანთან გაზის იმპორტის საკითხზე მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.
ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა; 2022 წლის მოლოდინით კი ეს მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაქოში ვიზიტამდე ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაცია ევროგაერთიანების მთავარი პრიორიტეტია, რადგან რუსეთი ენერგეტიკული რესურსების მიწოდების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას აგრძელებს.




























