ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში მისულ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ანაკლიის და ფოთის პორტების მშენებლობის შესახებ დაუსვა კითხვა.
დეპუტატი დაინტერესდა მინისტრის აზრით, დააფრთხო თუ არა ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორები ინფორმაციის გაჟონვამ იმასთან დაკავშირებით, რომ ფოთში ალტერნატიული ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება იწყებოდა?
ამაზე, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ “არ დააფრთხო და არ დააზარალა იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს".
ამის საპასუხოდ სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს კითხვა შეუბრუნა და მინისტრისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვა.
სალომე სამადაშვილი: უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში თქვენ, ქალბატონი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხართ ფაქტობრივად მთელი ცხოვრებაა, ახლა მე მეუბნებით, რომ ინვესტორებისთვის პრობლემა არის ის, რომ ჩადონ თუ არა პროექტში ინვესტიცია, როდესაც ამ პორტის კომერციულ სიცოცხლისუნარიანობაში დარწმუნებულები არიან. ამ დროს აშკარავდება ინფორმაცია, რომ მეორე ღრმაწყლოვანი პორტი შეიძლება აშენდეს საქართველოში და რომ ეს არ აფრთხობს ინვესტორს?
ნათია თურნავა: ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის იდეა ახალი არ არის 90-იანი წლებიდან მოდის.
სალომე სამადაშვილი: ფოთის პორტის ავტორები ანაკლიის პორტის იდეას თავიდანვე ებრძოდნენ.
ნათია თურნავა: მაშინ ასე ვიტყვი, რომ უფრო გასაგები იყოს. ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტი. არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და არ მიგვიღია, რომელიც ანაკლიის პროცესს აზარალებს და ამას საქმით ვამტკიცებთ.
შეგახსენებთ, ფოთის პორტის მმართველმა კომპანია APM Terminals-მა გაავრცელა განცხადება, რომ მათ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტისთვის სამშენებლო ნებართვა მიიღეს. აღნიშნულზე მეორე დღესვე გააკეთა განმარტება ეკონომიკის სამინისტრომ და ნებართვა გააუქმა, ამასთან, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელმაც უშუალოდ გასცა მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი.

























