მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დააჯარიმებს თუ არა მთავრობა მაღაზიებს, რომლებიც 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასს გაზრდიან?

5e91f60634961
BM.GE
11.04.20 20:51
4713
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მაღაზიები იმ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე გაზრდიან ფასს, რომლის სუბსიდირებასაც საქართველოს მთავრობა ახდენს, სახელმწიფოს მათი დაჯარიმება შეეძლება. ამასთან, კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ ზომის გამოყენება საჭირო არ გახდება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შენარჩუნებას პირდაპირი სუბსიდირების გზით გეგმავს, რაზეც 10 მილიონი ლარის დახარჯვა არის უკვე გათვალისწინებული. კერძოდ კი, ეს სასურსათო პროდუქტებია - ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი. თენგიზ კალანდაძის თქმით, ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების ხელშეკრულებები 20-მდე კომპანიასთან არის უკვე გაფორმებული. 

"20-მდე სხვადასხვა მსხვილ იმპორტიორთან გვაქვს შეთანხმება უკვე გაფორმებული, ეს არის სწორედ ამ ძირითადი პროდუქციის შემომტანი პირები - წიწიბურა, შაქარი, მაკაონი, ფქვილი, რძის ფხვნილი, ზეთი და ასე შემდეგ.

ჩვენ სისტემურად თუ შევხედავთ, დაინახავთ, რომ იმპორტიორებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს ფასი არ გაუძვირებიათ ამ პროდუქციაზე. შესაძლოა, ერთეულ მაღაზიებში, მაგალითად უბანში, კორპუსის ქვემოთ რომ არის იმ მაღაზიებში ეს პროდუქტები სადღაც 10-20 თეთრით გაძვირებული იყოს, თუმცაღა ჩვენ ამაზეც შეგვიძლია მოვახდინოთ რეაგირება, თუ ჩვენ გვაცნობებენ ამის შესახებ.

მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერია 1501 და ჩვენ მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას, მაგრამ ჩვენი მიდგომის მთავარი ნაწილია ის, რომ სისტემურად დავიჭიროთ ეს მიდგომა და მე ვფიქრობ რომ მოვახერხეთ და რაიმე განსაკუთრებული რყევა ამ პროდუქტების ფასზე არ ყოფილა.

მაღაზიებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ საკმაოდ მკაცრი სანქციები გვაქვს გაწერილი, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის ვითარება გვაძლევს ამის საშუალებას, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო სოლიდარული ურთიერთობა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია შემოწმება სხვა უწყებებთან ერთად, როგორიცაა შემოსავლების სამსახური, შეგვიძლია ვნახოთ ღირებულებათა ჯაჭვში სად მოხდა გაძვირება, იყო ეს იმპორტის, დისტრიბუციის თუ საცალო გაყიდვის არხი და მოხდა თუ არა ფასის სპეკულაციური გაძვირება. ჩვენ ამის გაკეთებაც შეგვიძლია, რომ მკაცრად დავუდგინოთ ფასი, თუმცა ჯერ-ჯერობით ჩვენ ამის გაკეთება არ დაგვჭირვებია,”- ამბობს თენგიზ კალანდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები