"დაახლოებით, 40%-იან დატვირთვაზე ვმუშაობთ", - ამის შესახებ ტურისტული ობიექტის “გაუდი” დირექტორმა, მირიან ბანძელაძემ BM.GE-სთან რესტორნის დატვირთულობაზე საუბრისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ რესტორანი “გაუდი” თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის #32-ში გასულ წელს, ივნისში გაიხსნა და მომხმარებელს ძირითადად ესპანურ სამზარეულოს სთავაზობს.
ბანძელაძის ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი ჯამში 13 ადამიანს ასაქმებს და სრული დატვირთვით, 35 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ის დასძენს, რომ რესტორანმა თავიდანვე ვერ მოიპოვა პოპულარობა და ამ ეტაპზე, კომპანია იკვლევს თუ რამ შეიძლება დატვირთვა გაზარდოს.
“სამწუხაროდ, ოპერირებიდან დღემდე შეიძლება ითქვას, რომ დატვირთვა არ გვაქვს. ამ დროისათვის, დაახლოებით 40%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, ვცდილობთ გამოვარკვიოთ მიზეზები, თუ რატომ არის ასეთი დაბალი დატვირთვის მაჩვენებლები და რა მარკეტინგული აქტივობები უნდა განვახორციელოთ აქტივობის გასაზრდელად.
ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ჩვენზე ნაკლებად აისახება, ვინაიდან ობიექტი ტურისტულ ადგილას არ მდებარეობს და ჩვენი გათვლაც ადგილობრივებზე იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენი ბრალია, ვიდრე სხვა ფაქტორების”, - ამბობს მირიან ბანძელაძე.




























