მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დააკლდა სწორი კამპანია, რომ საქართველო უსაფრთხოა“ - რატომ ვერ აღდგა ტურიზმი ევროპიდან?

რუმსი

კომპანია "რუმს ჰოლდინგის“ დირექტორის ვალერი ჩეხერიას შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ევროპიდან ტურიზმი ვერ აღდგა, ნაკლებად აქტიური მარკეტინგული კამპანია იყო.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ტურიზმის სამი კვარტალის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ 9 თვეში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებს, იანვარ-სექტემბერში სულ 3,655,576 ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა. პანდემიამდე ნიშნულს არ დაბრუნებია ევროკავშირიდან ვიზიტორების სტატისტიკა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან 329 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა, რაც 15%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

- სამი კვარტალის შედეგების ზოგადი შეფასება მინდა გთხოვოთ - რას გვეუბნება ეს სტატისტიკა - ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის გუნდს მიაჩნია, რომ ეს არის სწორი სტრატეგიის შედეგი...

- ყველაფრით შეგვიძლია ვიამაყოთ, ტურისტები მოდიან... საქართველოს დიდი ტურისტული ქალაქები მეტ-ნაკლებად დატვირთულია... შეგვიძლია ვიამაყოთ, მაგრამ რით უნდა ვიყოთ კმაყოფილი - მაღალხარისხიანი ტურისტი გვყავდეს თუ რაოდენობრივად მეტი ტურისტი გვყავდეს - ეს არის გასარკვევი. „რუმს ჰოლდინგის“ ჯგუფისთვის ცუდი წელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ჩემს კოლეგებსაც ვესაუბრე და სასტუმროებმა ნამდვილად ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ველოდით.

დიდი მინუსი იყო ის, რომ ევროპიდან ტურისტების ის ნაკადი არ ჩამოვიდა, რომელსაც ველოდით; ამის ძირითად მიზეზად სახელდებოდა უკრაინის ომი, შიში და საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ძალიან ახლოს გაიგივება. ვფიქრობ, დააკლდა სწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოება ევროპის ბაზარზე და სწორი ახსნა, რომ დიახ, საქართველო არის უკრაინის მხარდამჭერი, ჩვენც იგივე პერიოდი გავიარეთ წლების წინ, მაგრამ ჩვენთან არაა ომი და აქ ჩამოსულ ტურისტს შეუძლია უსაფრთხოდ იმოგზაუროს.... ევროპელი ტურისტი არის ყველაზე კარგი და ხარისხიანი ტურისტი, რადგან ძალიან სწორად ავითარებს ინდუსტრიას, ამაღლებს სერვისის ხარისხს, როგორც სარესტორნო ბიზნესში, ასევე - სასტუმრო ბიზნესში. ევროპელი ტურისტები ძალიან კარგი გადამხდელუნარიანები და ასევე, ე.წ. „თიფის“ დამტოვებლები არიან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სერვისის განვითარებისთვის. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით ბევრი პირდაპირი რეისი გვაქვს, ვფიქრობ, მარკეტინგული კამპანია მაინც დავაკელით, რომელიც დაარწმუნებდა ევროპელ ტურისტებს, რომ საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხოა.

- „საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანაა“ - როგორ ფიქრობთ, ამ მთავარი გზავნილით რატომ არ იყო უფრო აქტიური მარკეტინგული კამპანია? რამდენად ეფექტიანად გამოვიყენეთ ამისთვის ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და ზოგადად, როგორია კომუნიკაციის ხარისხი ტურიზმის ინდუსტრიასა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის გუნდს შორის?

- ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს - ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ისე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ამიტომ რეალურად, კომუნიკაცია არსებობს და ტურიზმის მარკეტინგის ახალი სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა აქტიურად გრძელდება...

- მთავრობის ტურიზმის გუნდი დროულად ვერ მიხვდა, საქართველოს, როგორც სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების საჭიროებას?... მმართველი ძალიდან პოლიტიკოსები ხშირად გვახსენებენ მშვიდობის მნიშვნელობას, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმაროდა, როგორც ჩანს...

- გეთანხმებით... ჩვენც როცა დავიწყეთ დაკვირვება და შემდეგ უკვე დავსვით კითხვა - ევროპელების საქართველოში მოგზაურობის შემცირების მიზეზი რა არის, პასუხები ჩვენც წელს მივიღეთ... უფრო გაზაფხულის ბოლოს დავინახეთ, რომ თურმე ეს არის მიზეზი და არა ის, რომ ევროპელები სხვაგან წავიდნენ სამოგზაუროდ. დღესდღეობით, ტურიზმის მარკეტინგის განახლებულ სტრატეგიაზე მიდის მუშაობა; მე მქონდა საუბარი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და მათთვის პრიორიტეტად რჩება ვიზიტორების მოზიდვა როგორც ევროპიდან, ისე - ამერიკის ბაზრიდან, ასევე ჩინეთიდან და ინდოეთიდან, ამიტომ ამ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანია აუცილებლად იქნება - უკვე დაწყებულია კიდეც იმ ბაზრობებსა და ტურისტულ გამოფენებზე, სადაც ხელი მიგვიწვდება როგორც კერძო ბიზნესს, ისე - ტურიზმის ადმინისტრაციას, იმ მთავარი გზავნილის გაჟღერება, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები