„ალალის“ დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს „ალალის“ ნატურალური წვენები დამატებით კანადასა და საფრანგეთში გაიყიდება. როგორც ღვინეფაძემ BMG-ის ეთერში განაცხადა, საფრანგეთში „ალალის“ პროდუქცია სხვა ბრენდის ქვეშ გაიყიდება.
მეწარმემ ბიზნესის განვითარებაში დასავლელი პარტნიორების მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების დაფინანსება წარმოებაში სტანდარტების დანერგვაში ეხმარებათ.
„წელს დავიმატეთ კანადა, კონტრაქტზე ხელია მოწერილი, დავიმატეთ საუდის არაბეთი და უზბეკეთი. ასევე, საფრანგეთში სხვისი ბრენდის სახელით შევა ჩვენი პროდუქტი. ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით - მინდა ხაზი გავუსვა, რომ დაარსების დღიდან, ბრენდის შექმნაში, ახალი ინოვაციური ხაზების, ტექნოლოგიური აღჭურვილობის, შერჩევაში - ყველაფერში რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია გვეხმარებოდა. მოვიპოვეთ რამდენიმე გრანტი.
ევროპული სტანდარტების დანერგვაში გვეხმარებიან, მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო გამოფენებში. თანამონაწილეობა კომპანიის განვითარებაში ეკუთვნის EBRD-ს, USAID-ს, მსოფლიო ბანკს, ევროკავშირს. კონკრეტულად, მაგალითად USAID-ს აქვს ტექნიკური ხაზი ნაყიდი, დატრენინგებული ჰყავს ჩვენი თანამშრომლები, სტუდენტების გადამზადებაში გვეხმარებიან და ა.შ. ყოველ წელს 2-3 პროგრამაა, როცა ეს ორგანიზაციები გვეხმარებიან“, - თქვა ღვინეფაძემ.