მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაბალ სეზონზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები შეიძლება სამვარსკვლავიანი სასტუმროს კონკურენტი იყოს - სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ მენეჯერი

ნინო ჩუბინიძე

სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური მენეჯერი ნინო ჩუბინიძე ამბობს, რომ ტურისტულად დაბალ სეზონზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები სტუმრებს ისეთ დაბალ ფასს სთავაზობენ რომ სამვარსკვლავიან სასტუმროებსაც კი უწევენ კონკურენციას.

"ძალიან ხშირად არის დემპინგური ფასები. მაგალითად დაბალ სეზონზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები შეიძლება სამვარსკვლავიანი სასტუმროს კონკურენტი იყოს. ქვეყანაში არ არსებობს რამე, რაც ამას დაარეგულირებს. თან უამრავი ახალი ობიექტი გაიხსნა, ბაზარი სტაბილურიც არ არის, რადგან მოდის ზამთარი რაც თავისთავად დაბალ სეზონს გულისხმობს. ძალიან გაზრდილია მიწოდება და მომხმარებელი სტაბილურად ამდენი არ არის. დაბალ სეზონზე განსაკუთრებით მძიმე ვითარება გვაქვს, რადგან ფაქტობრივად 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს მთლიანად გვეკარგება ნიშა იმიტომ, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ამ ფასებს სთავაზობენ. არ ვიცი ეს კანონის დონეზე რამდენად უნდა რეგულირდებოდეს, როგორც ვიცი არსებობს ქვეყნები, სადაც გარკვეული რეგულაციები არსებობს, ანუ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გარკვეული ფასის ქვემოთ აღარ უნდა აკლებდეს ფასს, მაგრამ რამდენად ეფექტურია ან შეიძლება ჩვენთან მსგავსი რაღაცის მიღება ვერ გეტყვით. თუმცა ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე მგლური კანონები" არსებობს", - ამბობს ჩუბინიძე და ამატებს, რომ ხარჯების ზრდის მიუხედავად, სასტუმროში ნომრების ფასი პანდემიამდელ ნიშნულს ჯერაც არ დაბრუნებულა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე "შოთა რუსთაველის" სასტუმროს ძირითადი სტუმრები ისრაელიდან და რუსეთიდან არიან. ასევე ზრდა ფიქსირდება ინდოეთის მიმართულებითაც. რაც შეეხება ევროპიდან ჩამოსულ ტურისტებს, ჩუბინიძე საკუთარი სასტუმროს მაგალითზე ამბობს, რომ ტურისტების მატება ჯერჯერობით დიდად არ იგრძნობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები