მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების ზომამ ₾60 მლნ-ს მიაღწია, მოქალაქეებს უფრო აქტიურად გადააქვთ დანაზოგები - მელიქიძე

გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მოქალაქეებს კონსერვატიული პორტფელიდან უფრო აქტიურად გადააქვთ საკუთარი საპენსიო დანაზოგები დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში.

როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა BMG-ის განუცხადა, შედეგად, დაბალანსებული და დინამიკური საინვესტიციო პორტფელების ჯამურმა ზომამ 60 მლნ ლარს მიაღწია.

გოგა მელიქიძის შეფასებით, ეს გარემოება იმას უკავშირდება, რომ ერთი წლის განმავლობაში დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების საინვესტიციო შედეგები უკეთესია.

„კონსერვატიული პორტფელიდან დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში თანხების გადატანა უფრო გააქტიურდა. თუ აქამდე დღიურად გადატანების მოცულობა 100 ათასი ლარის ფარგლებში იყო, ახლა ეს მოცულობა 500 ათას ლარზეცაა ასული. შედეგად, თუკი აქამდე დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების ჯამური მოცულობა 40 მლნ ლარი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 60 მლნ-მდე გაიზარდა. მოსალოდნელიც იყო, რადგან მონაწილეებმა ერთი წლის საინვესტიციო შედეგი შეაჯამეს. დინამიკურ პორტფელს დაახლოებით 19%-მდე საინვესტიციო მოგება აქვს, დაბალანსებულის შემთხვევაში ამონაგები 17%-ია, ხოლო კონსერვატიულის - 15%“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელების მართვის უფლება საპენსიო სააგენტოს გასული წლის აგვისტოში გაუჩნდა. ამჟამად დანაზოგების დიდი ნაწილი კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელშია განთავსებული. ამ დროისთვის კი საპენსიო დანაზოგების მოცულობამ თითქმის 5.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები