მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაბალბიუჯეტური ამერიკული ავიაკომპანიები Spirit-ი და Frontier-ი გაერთიანებას განიხილავენ

ამერიკული ავიაკომპანიები

გაკოტრებული ამერიკული ავიაკომპანია Spirit Aviation Holdings-ი დაბალბიუჯეტური თვითმფრინავების კომპანია Frontier Group Holdings-თან შეერთებას გეგმავს. როგორც Reuters-ი წერს, თუ მხარეები პოზიციების შეჯერებას მოახერხებენ, გარიგება დეკემბრის ბოლომდე დაიდება.

აღსანიშნავია, რომ Spirit-ი და Frontier-ი გაერთიანებას 2022 წელსაც განიხილავდნენ, თუმცა მაშინ Spirit-მა ორი გაჟღერებული შეთავაზებიდან ორივეზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ჰოლდინგი მას მისაღებ თანხას არ სთავაზობდა. ცნობისთვის, Frontier-ის ერთ-ერთი ბოლო შეთავაზება Spirit-ის $2.16 მილიარდად შეძენას გულისხმობდა. შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად Frontier Group Holdings-ის აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ინიციატივა ამჯერად Spirit-ის მხრიდან წამოვიდა, რადგან მისი პოზიციები ავიაინდუსტრიაში წელს განსაკუთრებით შესუსტდა. საოპერაციო ხარჯებისა და კონკურენციის ზრდის ფონზე, კომპანია მომხმარებლისთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებას ვეღარ ახერხებდა. აგვისტოს თვიდან დღემდე Spirits-ს თანამშრომლების რაოდენობისა და ფლოტის შემცირება მოუწია. ამასთან, გავიდა 14 აეროპორტიდან და კომპანიის გადარჩენის მიზნით დამატებით $100 მილიონის ვალი აიღო. ანალიტიკოსების შეფასებით, Frontier-თან მოლაპარაკებების აღდგენა Spirit-ის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯია, რადგან მას სხვა რეალური არჩევანი აღარ აქვს დარჩენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები