აჭარა ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადება. ფერმერები წელს ხარისხობრივად კარგს მოსავალს ელოდებიან და ამბობენ, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივად ისე საერთშორისო ბაზრებიდან იზრდება. თუმცა დარგი წელს რაოდენობრივად შარშანდელზე ნაკლებ მოსავალს ელოდება. მიზეზი კლიმატური პირობებია, რამაც მოსავლიანობაზე გავლენა იქონია.
ქართული მანდარინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია, რაზეც ექსპორტირებული პროდუქტის 80%-ზე მეტი მოდის, მცირე მოცულობით ქართული მანდარინი იყიდება სომხეთში, თუმცა განვითარებად ბაზრებზე პროდუქტის ექსპორტი პრაქტიკულად არ ხდება. SavvY Consulting-ის ასოცირებული პარტნიორი გიორგი გუდაბანძე ამბობს, რომ ამის ძირითადი მიზეზი ქვეყნის როგორც ციტრუსის მწარმოებლის ნაკლები ცნობადობა და პროდუქციის დაბალი ხარისხია.
“მანდარინის ექსპორტის ბაზრების გეოგრაფიის მიმართულებით არსებული სავალალო მდგომარეობა ძირითადად 2 მიზეზით იხსნება. პირველი ეს არის ქვეყნის ცნობადობა, არ ვართ ჩვენ ცნობილი როგორც ციტრუსის მწარმოებელი ქვეყანა და მიმწოდებელი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენი ცნობადობა ძალიან დაბალია, განვითარებულ ბაზრებზე განსაკუთრებით.
მეორე მიზეზი არის პროდუქციის ხარისხი, ეს საკმაოდ კრიტიკული ფაქტორია საქართველოში, რადგან არის საკმაოდ ძველი ჯიშები გაშენებული. ასევე არის ძალიან დიდი პრობლემა პროდუქციის ერთგვაროვნება, ვინაიდან და რადგანაც ერთგვაროვნება არის ის კრიტიკული მოთხოვნა განვითარებულ ბაზრებზე, რომელსაც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მიმართულებით ითხოვენ პოტენციური შემსყიდველები. საკმაოდ მაღალი სტანდარტებია, რაც პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს და ასევე უნდა იყოს ერთგვაროვანი, რაც საკმაოდ პრობლემატურია საქართველოში. ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება განსაკუთრებით ციტრუსის შემთხვევაში, ამიტომაც საქართველო დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე, რადგან ციტრუსის ექსპორტის 80-90% ამ ბაზაზე მოდის.”-ამბობს SavvY Consulting-ის ასოცირებული პარტნიორი გიორგი გუდაბანძე.