"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შედარებით სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების ასევე სწრაფი პროცესია, ამ მიმართულებით არსებულ განვითარებას მეორე მხრივ წინ უდგას მოსახლეობისა და შინამეურნეობების დაბალი შემოსავლები, რაც ეკონომიკური შოკების მიმართ ქვეყნის მდგრადობას ზღუდავს", - აღნიშნავს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s.
Moody’s-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი ქვეყნიდან სამუშაო ძალის მასობრივი ემიგრაციაა, რომელიც როგორც დოკუმენტშია ნათქვამი "ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალს".
Moody’s დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმებების ხარჯზე ეკონომიკის დივერსიფიცირებას ახდენს. შედეგად, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით FDI-ის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. საშუალოვადიან პერიოდში კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის სავაჭრო ბრუნვასა და ეკონომიკურ ზრდაზე.
რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორად სახელდება მცირე მოცულობის დანაზოგებიც. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მსხვილი მოცულობის ინვესტიციები საგარეო ვალით ფინანსდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას დამოკიდებულს ხდის გარე დაფინანსებაზე.
მცირე ზომის ეკონომიკა და მცირე ზომის კომპანიები ასევე სახელდება ზრდის პოტენციურ შემზღუდავ ფაქტორებად.
სააგენტო რეიტინგს ოთხი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით ადგენს, რომელთა შეფასებაც საქართველოს შემთხვევაში შემდეგია:
ეკონომიკური სიძლიერე - სუსტი (+)
ინსტიტუტების სიძლიერე - ძლიერი (-)
ფისკალური სიძლიერე - ზომიერი
რისკების მიმართ მდგრადობა - ზომიერი
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე 2017 წელს (2010 წლის შემდეგ პირველად) გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს რეიტინგი ახლოს დგას შემდეგი ქვეყნების მაჩვენებელთან:
სომხეთი - B1; პოზიტიური
ალბანეთი - B1; სტაბილური
აზერბაიჯანი - Ba2; სტაბილური
ხორვატია - Ba2; სტაბილური
ფიჯი - Ba3; სტაბილური
სერბეთი - Ba3; სტაბილური
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, თურქეთის შეფასებაა Ba3 ნეგატიური, რუსეთის კი Baa3 სტაბილური.
სააგენტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს, სადაც ყველაზე უარყოფითი შეფასებაა D, ხოლო მაქსიმალური კი AAA. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, ის შეიძლება იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური.
წყარო - Forbes.ge

























