მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაცული ტერიტორიების ტენდერში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა"

5d3d82d16e53c
თამუნა ქემერტელიძე
28.07.19 19:45
1852
biletebi.ge საბილეთო ტენდერში (#53739, etenders.ge) გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე სახელმწიფო ექსპერტიზას ითხოვს. კერძოდ, საქმე ეხება დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების მიერ ბილეთების შეძენის სისტემას.

როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ბლოკავენ ყველა მათ მოთხოვნას, რომელიც ექსპერტიზის ჩატარებას უკავშირდება.

"უკვე რამდენიმე თვეა ვაწყდებით მდგომარეობას, როცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ბლოკავენ ყველა ჩვენს მოთხოვნას, ჩატარდეს სახელმწიფო ექპერტიზა საბილეთო ტენდერში (#53739, etenders.ge) გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე (იგულისხმება ტენდერის პირობებთან შესაბამისობა), კერძოდ:

1. სამხარაულის ბიუროს ექსპერტს არ მიეცა ადგილზე მუშაობის საშუალება.

2. სამინისტროში გაგზავნილ ჩვენს მოთხოვნაზე, მოეცათ დაშვება ექპერტიზის ჩატარებაზე, რაც პირველ რიგში უნდა იყოს უწყების ინტერესში, რომ დამოუკიდებელმა ორგანომ დაადასტუროს ტენდერის პირობების შესრულება (...), გვითხრეს უარი იმ მიზეზით, რომ კონტრაქტორია ამის წინააღმდეგი (!).

3. ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი საშუალებით წელავენ, არ იძლევიან ინფორმაციას და ჩანს, იცავენ კერძო კომერციულ სუბიექტს, იმის მაგივრად რომ იცავდნენ სახელმწიფოს ინტერესს და იყვნენ ნეიტრალურნი", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ტენდერით დათქმულ ვადაში სამუშაოები არ შესრულდა.

“ამ ეტაპზე გარეგნული დათვალიერებითაც კი ჩანს, რომ დარღვეულია ტენდერის მრავალი პირობა. ის სისტემა, რაც მუშაობს, ღირს გაცილებით ნაკლები, ვიდრე სახელმწიფო იხდის.

თვითონ ტენდერის ჩატარების ფორმა ბადებს სერიოზულ კითხვებს:

1. რატომ ჩატარდა ტენდერი ე.წ. „კონვერტებით“ და არა ელექტრონული სახით?

2. რატომ არ იყო ტენდერში მომსახურების პროცენტის დაწევის საშუალება, როდესაც დამკვეთისთვის ცნობილი იყო ჩვენი მზაობა, გვემუშავა 50% ნაკლებ (!) ფასში და როგორც იკვეთება შეგვეთავაზებინა გაცილებით უკეთესი პროდუქტი?

ყველაფერი ეს გვიჩენს სერიოზული უსამართლობის განცდას. ჩვენ დაგვჭირდა 2–წლიანი მუშაობა, რათა ჩვენი ძალებით შეგვექმნა ინოვაციური პროდუქტი, რაც მოაწესრიგებდა დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების ნაკადს და მისცემდა დამსვენებლებს საშუალებას, მარტივად შეეძინათ ბილეთები ადგილზე და ოლაინ. შედეგად კი გაიმარჯვა რუსეთის მოქალაქეების მიერ თვეების უკან დაფუძნებულმა კომპანიამ სახელმწიფოსთვის წამგებიანი პირობებით.

სამწუხაროდ, ჩვენ აღარ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ გავასაჯაროვოთ აღნიშნული საქმე, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გავიდა ყველა შესაძლო ვადა, როცა ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო პასუხი ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნებზე”, - აცხადებენ კომპანიაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Bm.ge გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა. მათი თქმით, მიმდინარე წლის 3 მაისიდან საქართველოს 6 დაცულ ტერიტორიაზე ბილეთების რეალიზება ელექტრონულად ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ვიზიტორთა მომსახურების ხარისხი.

“ელქტრონული ბილეთების მომსახურებას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“. კომპანიამ უზრუნველყო დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა - დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, სამეთვალყურეო ვიდეოსისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები.

„გურუ.ჯი“ დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ელექტრონულად რეალიზების სისტემაზე გადასვლის მიზნით, 2018 წლის 5 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. ტენდერი ჩატარდა მომსახურების შესყიდვაზე. გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის შეთავაზებასაც ჰქონდა დაბალი ფასი. სატენდერო პროცედურების მიმდინარეობის დროს შპს „ელ ბილეთებს“-ის მხრიდან, შენიშვნები და პრეტენზიები არ გამოთქმულა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ტენდერი გამჭვირვალედ, კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა”, - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, შპს „გურუ.ჯის“ „ბილეთების პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის სიტემების მომსახურების“ სრულ ექსპერტიზას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს.

“პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს ბიზნესის ოპერირების ძირითად საშუალებას, იგი შპს „გურუ.ჯი“-ს საკუთრებაა, მოიცავს მათი ორგანიზაციის ფინანსურ და კომერციულ ინფორმაციას, შესაბამისად, შპს „გურუ.ჯი“, კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების საფუძველზე, წინააღმდეგია პროგრამულ უზრუნველყოფაზე ჩატარდეს ექსპერტიზა, როდესაც ასეთი ექსპერტიზა დაკვეთილია კონკურენტის მხრიდან. რაც შეეხება კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას ტენდერით გამოცხადებულ პირობებთან, აღნიშნული ექსპერტიზა აუცილებლად ჩატარდება. დღეისათვის, კომპანია „გურუ.ჯი“ სრულყოფილად ახორციელებს ტენდერით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც ეჭვი შეაქვს ტენდერის კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებაში, შეუძლია გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული უფლება და მიმართოს სასამართლოს”, - აცხადებენ სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები