საქართველოს 600,000-მდე მოქალაქეს “ფონდ ქართუს” მიერ შექმნილი ვებგვერდის - vali.ge-ის მეშვეობით შეუძლია გადამოწმება “გაუნულდათ” თუ არა ერთ წელზე უფრო ხანდაზმული 2000 ლარამდე მოცულობის გადაუხდელი სესხები.
ვებგვერდზე უკვე ატვირთულია “საქართველოს ბანკის,” “თიბისი ბანკის,” “ლიბერთი ბანკის,” “სილქროუდ ბანკის,” “ხალიკ ბანკის” და “იშ ბანკის” მსესხებელთა დაზუსტებული მონაცემები.
vali.ge-ზე მონაცემების გადამოწმებისთვის, საჭიროა მხოლოდ ორი მონაცემის - პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის შეყვანა. ელექტრონული ბანკინგის სერვისებისგან განსხვავებით, სისტემაში რეგისტრაციისთვის არ არის საჭირო sms ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იდენტიფიკაციის გავლა.
შესაბამისად, მესამე პირებს, ვინც თქვენს პირად ნომერს ფლობენ, შესაძლებლობა აქვთ გადაამოწმონ ჩამოგეწერათ თუ არა სესხი.
BM.ge-იმ აღნიშნულთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ მათი რეკომენდაცია იყო, რომ მონაცემთა დამატებითი უსაფრთხოებისთვის გამოყენებულიყო დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად ტელეფონის ნომრით გადამოწმება. თუმცა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ასევე აღნიშნავენ, რომ ვალების ხანდაზმულობის გამო, მსესხებელთა ნომრების ჩანაწერთა ბაზები ხშირ შემთხვევაში მოძველებული და არაზუსტი იყო.
“ვებგვერდ vali.ge-ს ამოქმედებამდე “ფონდმა ქართუმ” მოგვმართა კონსულტაციისთვის და შესაბამისად, რამდენიმე რეკომენდაცია მიიღო ჩვენგან. რეკომენდაციები ეხებოდა, მათ შორის, მონაცემთა ხელმისაწვდომობის ვადას და ვებ-გვერდზე ინფორმაციის გადამოწმების იდენტიფიკატორებს. ინსპექტორის აპარატმა მისცა ფონდ "ქართუს" რეკომენდაცია დამატებითი უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი იდენტიფიკატორის, მაგალითად, ტელეფონის ნომრის გამოყენების შესახებ. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია მსესხებელთა რაოდენობა და ის ფაქტი, რომ ხშირად სესხის აღების დროს მითითებული ნომრები მოძველებული ან არაზუსტია. ასევე, ზოგადად აღსანიშნავია, რომ ორი იდენტიფიკატორით ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა გვხვდება როგორც კერძო, ასევე - საჯარო ორგანიზაციების პრაქტიკაში.
რაც შეეხება ვებგვერდის საკანონმდებლო მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობას, პირველადი დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ გვერდი შეიცავს დამცავ კოდს (Captcha), გამაფრთხილებელ შეტყობინებას, განსაზღვრულია ვებ-გვერდის ფუნქციონირების ვადა. იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდა ეჭვი, ან გამოვლინდა არასანქცირებული წვდომის ფაქტი, დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მომართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს,”- ამბობენ უწყებაში.
ვალების განულების პროცესი 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტის დაფინანსებისთვის “ფონდ ქართუს” 100 მილიონი ლარი აქვს დარეზერვებული.
vali.ge ორშაბათს, 18:00-ზე ჩაირთო, ვებგვერდი დიდი დატვირთვის გამო, თავდაპირველი საათების განმავლობაში პარალიზებული იყო და მოქალაქეები საკუთარი თავის სიაში გადამოწმებას ვერ ახერხებდნენ.