გასული წლის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლომ კერძო დაცვის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და სსიპ „დაცვის პოლიციას“ დაცვის ბაზრის მარეგულირებელი ფუნქცია შეუზღუდა.
ამასთან, სასამართლომ სახელმწიფოს 2019 წლის 30 ივნისისთვის დაცვის ბაზრის ახალი მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება დაავალა.
სწორედ ამ დროს დაკარგავს იურიდიულ ძალას ის ნორმები, რომელიც დღეს მოქმედებს. ცვლილება დაცვის პოლიციის მიერ კერძო პირებისთვის სერვისების მიწოდებასაც შეეხება.
ერთ-ერთი მოსარჩელე კომპანია „გიგანტია“, რომლის ხელმძღვანელი ჯიმშერ პაპაშვილი bm.ge-ისთან განმარტავს, რომ დღემდე ბაზარზე მოქმედ კომპანიებს არაკონკურენტულ გარემოში უწევთ საქმიანობა, რადგან დაცვის პოლიცია ერთდროულად ახორციელებს როგორც - დაცვის სერვისების მიწოდებას, ისე კერძო დაცვის კომპანიების რეგულირებას.
„დაცვის პოლიციას ჩასაფრებული პოლიტიკა აქვს და კომპანიების დაჯარიმებაზეა გადასული. თუ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დაცვის პოლიციას კონტროლის ფუნქცია მოეხსნება და რეგულირებას შსს-ს რომელიმე ქვედანაყოფი განახორციელებს, მაშინ იქნება კარგი. მაგრამ თუ ისევ დაცვის პოლიცია დარჩება მაკონტროლებელი უწყება, მაშინ არაფერი შეიცვლება“, - აცხადენს პაპაშვილი.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 თვეზე ნაკლები დრო რჩება, როცა ბაზრის მარეგულირებელი ახალი კანონი უნდა შეიქმნას, თუმცა ვინ მუშაობს მასზე, ბიზნესისთვის უცნობია.
„ჩემს კომპანიასთან კომუნიკაცია არავის ჰქონია. ასევე, კიდევ ორი კომპანია ასევე, რომელთაც არავინ დაკავშირებია. თუ აპირებენ ბაზრის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის შექმნას, ბიზნესთანაც უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია“, - აცხადებს ჯიმშერ პაპაშვილი.
bm.ge კომენტარისთვის გიორგი გახარიას უწყებას დაუკავშირდა, სადაც მოკლე პასუხით შემოიფარგლნენ, რომლის თანახმად, ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გულისხმობს "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესწორებებზე. ცვლილებების პაკეტი უახლოეს მომავალში წარედგინება მთავრობას. უწყებებს შორის პოზიციების შეჯერების შემდეგ, კანონპროექტი კონსულტაციების მიზნით წარედგინებათ სხვა დაინტერესებულ პირებს", - განაცხადა შსს-ში.

























