საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას ასრულებს. 38 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილების შესახებ დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ამის შესახებ 1tv სპორტი წერს.
კაშიას თქმით, მისი ბოლო სანაკრებო მატჩი ივნისში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.
კაპიტანმა ჟურნალისტებთან საუბარი ქვეყანაში არსებული გლოვის გამო სამძიმრით დაიწყო და კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ამის შემდეგ კი მან საკუთარ სპორტულ მომავალზე ისაუბრა.
„38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი“, - განაცხადა კაშიამ.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი პატივი იყო ემსახურა ქვეყნისთვის და ყოფილიყო იმ გუნდის კაპიტანი, რომელმაც ქართველი გულშემატკივრის მთავარი ოცნება აასრულა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
გურამ კაშიამ ხაზი გაუსვა იმ ემოციურ კავშირს, რომელიც მას წლების განმავლობაში ქომაგებთან ჰქონდა. მისი თქმით, ივნისში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული იქნება.
„უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, - აღნიშნა მან.
გურამ კაშია საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი მოთამაშეა. მისი 17-წლიანი კარიერა ივნისში, რეკორდული, 129-ე მატჩით დასრულდება.




























