პარლამენტში მიმდინარე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, მედიის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს შეეხებოდა. უფრო კონკრეტულად, აპირებს თუ არა ეროვნული ბანკი იმ საგამონაკლისო დადგენილების გაუქმებას, რომლის მიღების შემდეგაც, ფარცხალაძემ საერთაშორისო სანქციები თავიდან აირიდა.
“დადგენილებას არ გავაუქმებ”, - აცხადებს ნათია თურნავა და განმარტავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილება აღნიშნული საგამონაკლისო წესის შემოღებამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო და მის აღდგენასთან დადგენილებას საერთო არაფერი აქვს.
საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ნათია თურნავამ პარლამენტში გამართულ სხდომაზეც ისაუბრა, სადაც განმარტა, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების აღსრულებას მიყვება და ეს მიმართულება გაკონტროლებულია.
“საქართველო საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდების სივრცედ არასდროს იქცევა. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და არც ერთი დადასტურებული ფაქტი, სანქციების დარღვევისა, არ დაფიქსირებულა. ამ მიმართულებით ჩვენს საფინანსო სისტემას ვაკონტროლებთ.
არის თუ არა სანქციების აღსრულების წესის ადგილობრივ კანონმდებლობასთან დაახლოება და შესაბამისობაში მოყვანა დამატებითი რისკების შემქმნელი?! არა, პირიქით, რაც უფრო თანხვედრაში იქნება საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებების აღსრულება ადგილობრივ კანონმდებლობასთან, მით უფრო ნაკლებია რისკები სანქციების აღსრულების პროცესში. ჩვენი საფინანსო სისტემა საერთაშორისო სანქციებს ასრულებს”, - აცხადებს ნათია თურნავა.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის საკითხს, სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც, სანქციების დარღვევის დადასტურებული ფაქტი არ მომხდარა.
“არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, განცხადებებს ვერ გავაკეთებ, რადგან არსებობს საბანკო კონფიდენციალურობა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციებისთვის თავის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა, ამის არანაირი დასტური არ არსებობს და დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია”, - აცხადებს თურნავა.
მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, აშშ-მა დაასანქცირა. რის შემდეგაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “საგამონაკლისო” წესი დაუშვა, რომლის თანახმადაც კომერციულ ბანკებს ფარცხალაძეზე სანქციების გავრცელების ვალდებულება აღარ ეკისრებოდათ.