მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადგენილზე ძვირად მედიკამენტის გაყიდვის შემთხვევაში კომპანიები 15 მარტიდან დაჯარიმდებიან

63c63fcf3d6f6
ინგა მურუსიძე
17.01.23 10:58
549
დადგენილზე მაღალ ფასად მედიკამენტის გაყიდვის შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიები 15 მარტიდან ჯერ გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ ჯარიმებს მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ შექმნილია ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც ავტომატურად აისახება, თუკი ქვეყანაში გაყიდული მედიკამენტი დადგენილზე მაღალ ფასად გაიყიდება.

საკითხზე კონტროლს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.

„ამოქმედდა რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტების ნაწილზე დაწესდა მაქსიმალური ფასის ზღვარი. გამოქვეყნდა ფასები ფარმაცევტული კომპანიებისთვის და მათ აქვთ დაახლოებით ერთი თვე იმისთვის, რომ გაეცნონ ფასებს, გაიარონ კონსულტაციები თავიანთ მომწოდებლებთან და შესაბამისად მოემზადონ კანონის აღსრულების ფიზიკური განხორციელებისთვის. 15 თებერვლიდან მათ აღარ ექნებათ საშუალება, რომ ფასები დადგენილზე მაღალ ფასად გაყიდონ. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც ამ კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია დაფიქსირდება და იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტი დაწესებულზე მაღალ ფასად გაიყიდება, მარეგულირებლები ავტომატურად მიიღებენ ინფორმაციას და რეაგირება იქნება მყისიერი. პირველ ეტაპზე მიიღებენ შენიშვნებს, ხოლო მეორე ეტაპზე ჯარიმა დაუწესდებათ იმისთვის, რომ მომხდარი აღარ განმეორდეს“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონის დარღვევა გამოიწვევს შემდეგ სანქციებს:

1. ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საბითუმო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები