დადიანების სასახლისთვის მოოქრული ჭაღის და შანდლების დამზადება 48 700 დოლარი დაჯდება.
საუბარია ბროლის, მინისა და კრისტალებისგან დამზადებულ საზეიმო მოოქრული ჭაღზე ( სიმაღლე 3 მეტრი. წონა 1000 კილოგრამი) და ორ კრისტალებიან შანდალზე, რომელსაც კომპანია „AVES“ დაამზადებს. ჭაღისა და შანდლების დამზადება იმ ესკიზების მიხედვით მოხდება, რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლეების მუზეუმის პირველი დირექტორის აკაკი ჭანტურიას არქივშია დაცული.

როგორც შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში არის აღნიშნული დედოფალ ეკატერინესთვის დადიანების სასახლის რეზიდენციის პროექტი ედვიგ რაისს შეუდგენია. არქიტექტორმა რაისმა დედოფლისეულ სასახლეში, მოგვიანებით კი ალბერტ ზალცმანმა უფლისწულის რეზიდენციის ინტერიერის მოსართავად მსოფლიოში სახელგანთქმული დოლმაბაჰჩეს სასახლე აიღეს ორიენტირად. სწორედ ამიტომაც დედოფლისეული სასახლისა და ნიკოსეული რეზიდენციის მთავარ შესასვლელებს დოლმაბაჰჩეს სასახლის მსგავსი ჭაღები ამშვენებდა. ეს ჭაღები XX საუკუნის 30-იან წლებიდან დაკარგულია.
მუზეუმის პირველი დირექტორის აკაკი ჭანტურიას მიერ შედგენილი აღწერილობის მიხედვით: დადიანების რეზიდენციის მთავარი შემოსასვლელის ჭაღი მთლიანად დამზადებული იყო მინის ხვეული 4 იარუსიანი შანდლებისაგან. შანდლების რაოდენობა 48 იყო, ყოველი შანდალი ბოლოვდებოდა მოოქრული მინის ტიტების ფორმის სასანთლეებით. ჭაღის სიმაღლე 3 მეტრი, წონა კი 1000 კილოგრამი იყო. აღსანიშნავია, რომ აკაკი ჭანტურიას არქივში შემორჩენილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შედგენილი ესკიზები სადაც ასახულია როგორც ჭაღის და შანდლების კონსტრუქციები, ისე მათი სტილისტური გაფორმება.

ზუგდიდში, დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია იწყება.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რესტავრაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და ისტორიკოსების ჩართულობით მომზადდა და პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებულ დარბაზებში იმ უნიკალური ნივთების ხილვა იქნება შესაძლებელი, რომლებიც, საუკუნეზე მეტია, არ გამოფენილა.
რეაბილიტაცია სასახლის კონსტრუქციული მზიდების, საძირკვლის, აივნისა და გადახურვის ბურჯების სრულად გამაგრებას მოიცავს. აგრეთვე, რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ავთენტიკური, ისტორიული სახე დაუბრუნდება. რესტავრატორები იმუშავებენ დედოფლისეული სასახლის უნიკალური, ე.წ. ლაზური აივნის შენარჩუნებისთვისაც, უფლისწულის სასახლისთვის კი მომზადდება სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელიც საძირკველს ზედმეტი ნალექისგან დაიცავს. დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.


























