ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის ეტაპობრივი განხორციელებისთვის, ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტში ასიგნებებია გამოყოფილი, რითაც დაფინანსდება. ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე - განიხილება თუ არა საპენსიო დანაზოგებით ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, ლევან დავითაშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტების შესრულებაში საპენსიო დანაზოგების მონაწილეობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები მხოლოდ ობლიგაციებში ჩაიდება და არა კაპიტალურ დანახარჯებში.
„ამ ეტაპზე ამ პროექტის დასაფინანსებლად ბიუჯეტში გვაქვს ასიგნებები. იცით, რომ რამდენიმე წელი დასჭირდება. მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებას წელს დავიწყებთ, მაგრამ ყველაზე აქტიურად 2025-2026 წლებში გაგრძელდება, შესაბამისად ამ თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გავიღებთ.
რაც შეეხება საპენსიო ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობას, აქ სამწუხაროდ, იყო მისკომუნიკაცია, იცით, რომ ამ შემთხვევაში საპენსიო სააგენტო რეფორმის პროცესს გადის. საპენსიო სააგენტოს გააჩნია თავისი საინვესტიციო პირობები, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. აქედან გამომდინარე, ის ინვესტიციებს მხოლოდ პენსიონერების ინტერესების და იმ რისკების გათვალისწინებით განახორციელებს, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული საუკეთესო საინვესტიციო პრაქტიკის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ზოგადად ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარკვეული შეზღუდული მონაწილეობა საინვესტიციო სააგენტოსი შესაძლებელია, ოღონდ ეს არის იმ საერთაშორისო საინვესტიციო პრაქტიკისა და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ძალიან მცირე ტიპის მონაწილეობას გულისხმობს, იმ პროექტებში რომელიც მოგებიანია, რომელიც გამყარებულია სხვადასხვა კუთხით მათ შორის სარეიტინგო სააგენტოების მიერ შეფასებულია ობლიგაციებით. ისინი პირდაპირ კაპიტალში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ეს შეიძლება იყოს ობლიგაციები და ა.შ. იმისთვის რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით იყოს დაცული საპენსიო დანაზოგები. ამიტომ როცა ითქვა, რომ გრძელვადიანი დანაზოგები შეიძლება ეკონომიკის გრძელვადიანი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იყოს, აქ საუბარი იყო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად ხდება მაღალრეიტინგულ, მაღალი ნდობის საფინანსო ინსტრუმენტებში ამ ფულის დაბანდება და არამც და არამც ეს ვერ იქნება რაღაც პირდაპირი დაფინანსება ამა თუ იმ პროექტის.
ჩვენ ვერანაირად ვერ წარმოვიდგენთ, რომ საპენსიო დანაზოგები ქვეყნის საჯარო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე მიიმართოს“, - განმარტა დავითაშვილმა.