მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაფნის გადამამუშავებელი საწარმო "ლაურუსი" წარმოების ზრდას გეგმავს

5b3db9987ac5c
მაია ბიწაძე
05.07.18 10:22
1911
დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს "ლაურუსი" მომავალი ორი წლის განმავლობაში წარმოების 50%-იან ზრდას გეგმავს, რისთვისაც ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას და ინვეტიციების ჩადებას აპირებენ, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა, ვანო ჯალაღონიამ განუცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად წელიწადში 200 ტონა დაფნის ფოთოლს ამზადებენ, რაც ეტაპობრივად 300 ტონამდე გაიზრდება.

"წელიწადში 1000 ტონა დაფნის ფოთოლს ვამუშავებთ, საიდანაც 200 ტონა პროდუქციას ვიღებთ. საწარმომ ფუნქციონირება 2014 წლიდან დაიწყო და თავდაპირველად წელიწადში მხოლოდ 20 ტონა პროდუქცია მზადდებოდა, რაც ეტაპობრივად გავზარდეთ და კიდევ ვგეგმავთ ზრდას. ამჟამად ვაკეთებთ ახალ საშრობს და დამატენიანებელ ოთახს, ასევე სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას, რისი დასრულების შემდეგაც, 360 კვადრატულ მეტრზე, ვაპირებთ ღია ფარდულის მოწყობას, სადაც მწვანე დაფნის ფოთლის მიღება, გადარჩევა და დახარისხება მოხდება. ამ ყველაფერში 150 ათასი ლარის ინვესტიცია ხორციელდება, რაც ჩვენი დამფუძნებლის მიერ გაწეული ინვესტიციაა. სამუშაოები დაფნის ფოთლის კრეფის სეზონის დაწყებამდე დასრულდება" - განაცხადა ვანო ჯალაღონიამ.

შპს "ლაურუსი“ სენაკში, სოფელ ნოსირში მდებარეობს და ბიზნესმენი შოთა წურწუმიას საკუთრებაა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. ბიზნესმენი ფლობს კომპანია "ლაურუს სიბირს", რომელიც რუსეთის ფედერაციაში 10 ათასზე მეტ მაღაზიას სუნელ-სანელებლებითა და დაფნით ამარაგებს.

შპს "ლაურუსს“ ნოსირში 60 ჰექტარზე საკუთარი დაფნის პლანტაცია აქვს, საიდანაც სეზონზე 300 ტონა მწვანე ფოთოლს იღებენ, დანარჩენ 700 ტონას კი მოსახლეობისგან იბარებენ. როგორც ვანო ჯალაღონია აცხადებს, დაფნის ფოთლის მიღების სეზონი 20 ოქტომბრიდან დაიწყება, რასაც საწარმო ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება.

შპს "ლაურუსის" გადამამუშავებელი საწარმო სენაკში, 2014 წელს, 250 ათასი დოლარის ინვესტიციით შეიქმნა, საიდანაც 150 ათასი დოლარი იაფი აგროკრედიტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები