2025 წელს დაგეგმილია 5,000 ჰექტრამდე ფართობის საძოვრის იჯარით გაცემა. ამის შესახებ სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში იჯარის ხელშეკრულება 89 მიწის ნაკვეთზე გაფორმდა, რომლის საერთო ფართობი 9395 ჰექტარს შეადგენს. პირდაპირი წესით იჯარით 72 მიწის ნაკვეთი გაიცა, ფართობით 6 516 ჰა, ხოლო აუქციონის წესით 17 მიწის ნაკვეთი ფართობით 2 879 ჰა. აუქციონის გზით იჯარით გაცემულ საძოვრებზე ჯამურმა წლიურმა საიჯარო თანხამ 402 103 ლარი შეადგინა (საშუალოდ ჰექტარზე - 140 ლარი), ხოლო პირდაპირი გზით გაცემულ საძოვრებზე - ჯამურად 79 625 ლარი.
გასულ წელს პროგრამის ფარგლებში საძოვრის კატეგორია 16 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა, რომლის საერთო ფართობი 2 680 ჰექტარია.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. მიზანია საძოვრების რაციონალური გამოყენება, დეგრადაციის პრევენცია და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა.
2021-2024 წლებში 12 ეტაპად ჩატარდა განაცხადების მიღება. პროგრამაში ჩართვის მსურველი ფერმერებისთვის მთავარი მოთხოვნა მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ფლობაა, საძოვრის იჯარით განკარგვის უფლება კი მხოლოდ ზღვრული დატვირთვის ნორმის მიხედვით არის შესაძლებელი, რაც ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის შეადგენს არანაკლებ 1-ს და არაუმეტეს 1.5 ჰექტარს, ხოლო ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2-ს და არაუმეტეს 0.5 ჰა საძოვარს.




























