მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაგეგმილია თურქეთის ბაზარზე შესვლაც" - „ბაიას ღვინოს“ საექსპორტო გეგმები

ღვინო

„ბაიას ღვინო“ წელს საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ მეღვინეობის დამფუძნებელმა, ბაია აბულაძემ განაცხადა. ამასთან, მისი ინფორმაციით, სავენახე სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ და წლის ბოლოს, საწარმოს ახალ სიმძლავრეებზე გადასვლასაც გეგმავენ.

„საწარმოში, რომელიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, წლის ბოლოს შევძლებთ, რომ ჩვენი მეღვინეობა ახალ სიმძლავრეებზე გადავიყვანოთ. გარდა ამისა, წელს დაგეგმილია ბევრ საინტერესო ბაზარზე შესვლა, მათ შორის თურქულ ბაზარზე, ასევე დანიიდან ძალიან საინტერესო შემოთავაზება გვქონდა. ვიმედოვნებ, რომ დატვირთული წელი იქნება", - განაცხადა ბაია აბულაძემ და აღნიშნა, რომ "ბაიას ღვინო" ამჟამად ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში იყიდება. მსოფლიოს მასშტაბით კი, კომპანია ექსპორტს 14 ქვეყანაში ახორციელებს.

"ძალიან კარგი დასაწყისი გვქონდა ავსტრიასთან, რომელიც 88 ბოთლით დავიწყეთ და დღეს, ბევრად გაზრდილია საექსპორტო მოცულობები. გარდა ავსტრიისა, გაზრდილია ექსპორტის მოცულობა გერმანიაში, ნორვეგიასა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში,“ - დასძინა მეღვინემ.

„ბაიას ღვინოს“ დამფუძნებელი ოპერირების პროცესში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ექსპორტის საწყის ეტაპზე არაერთი გამოწვევის წინაშე დადგნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სანდო პარტნიორი უნდა მოეძიებინათ, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, ახალი პარტნიორების მოძიებაში მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებს უკავია, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას.

„ჩვენი ზომის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა, რომელიც ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა ხოლმე. ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მხარს უჭერს ამ სექტორს, რომ საერთაშორისო გამოფენებში წარმოდგენილი ვიყოთ. ერთი თვის წინ, პორტუგალიაში გამართულ გამოფენაზე ვიყავით, ამასთან აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ამერიკისა და ევროკავშირის გამოფენებში, რაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მენეჯერთა გადამზადების კონკურსიც მეწარმეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა სწორად მივმართოთ. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ყოველთვის მოვიძიოთ ახალი ინფორმაციები და მივყვეთ იმ ტენდენციებს, რომელიც ჩვენს საექსპორტო ბაზრებზე არის.

მოგეხსენებათ, რომ ქართული ქვევრის ღვინო არის ძალიან ნიშური პროდუქცია და განსხვავებული, ევროპული გემოებისგან. შესაბამისად, გაცილებით დიდი დრო გვჭირდება, რომ ჩვენი ღვინო სწორად გავაცნოთ და რაც მთავარია შევაყვაროთ. ამასთან ერთად, ის დოკუმენტები, რომლებიც საექსპორტოდაა საჭირო, განახლებას საჭიროებენ, რადგან მოგეხსენებათ ცვალებადი ბაზარია და მუდმივად ახალი რეგულაციები შემოდის. ახლა დაემატა რეგულაციები კალორიების შესახებ და გვჭირდება დამატებითი ანალიზები,“ - განაცხადა მეღვინეობის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „ბაიას ღვინობაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს 7 სახის ღვინოს სთავაზობს. კომპანიის ქარხანა ბაღდათის სოფელ ობჩაში მდებარეობს და მისი წლიური წარმოების მოცულობა დაახლოებით 18 000 ბოთლ ღვინოს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები