საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიულმა კომპანიამ, საქართველოში, 22 მყინვარულ ხეობაში კვლევების პირველი ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG-სთან ხელშეკრულება წელს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში მყინვარიდან მომდინარე საფრთხეების შეფასება და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიაზე (უახლესი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს სატელიტური მასალის ანალიზს) დაყრდნობით გრუნტის გადაადგილების გზით წარმოქმნილი საფრთხის კერების, ასევე, კონკრეტული საფრთხის შემცველი უბნების იდენტიფიცირება, შემდგომ კი, აღნიშნული რისკის დონის მიხედვით პრიორიტეტების დადგენა რისკის ზონებში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
„უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად მოხდება ყველა იმ საფრთხის იდენტიფიცირება, რომელიც დღეს ჩვენს მყინვარებზე არის დაფიქსირებული. აქვე აღვნიშნავ, რომ მყინვარების სრულ მონიტორინგთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შოვის ტრაგედიის შესწავლა. დიდი ძალისხმევა ჩავდეთ სრულყოფილი, მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის მომზადებაში. სწორედ ამიტომ, პროცესში ჩავრთეთ შვეიცარიელი ექსპერტები. მსოფლიოში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე მოხდა ყველა პროცესის იდენტიფიცირება, გათვლა და გაანგარიშება, რასაც ეფუძნება სააგენტოს დასკვნა. ინფორმაცია, რაც
ბოლო დღეებში გავრცელდა, თითქოს შოვში 2 საათით ადრე დაიწყო სტიქია, ეს მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული, არ ეფუძნება კვლევების შედეგებს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეგვიძლია შევაფასოთ“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.
კომპანიის GEOTEST AG ექსპერტის, დანიელ ტობლერის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე შესწავლილი იქნება ყველა არსებული თუ შესაძლო მეწყრული პროცესი, ღვარცოფული ნატანის შესწავლა-დახასიათება და ცხელი წერტილის იდენტიფიცირება, რაც მომდევნო 2 თვის განმავლობაში განხორციელდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, შევამციროთ რეალური რისკი, რომელიც გვაქვს დასახლებებში, რომ ვიცოდეთ კრიტიკული ადგილები და შემდეგ გადავიდეთ ამ ცხელი წერტილების მონიტორინგზე. ჩვენ ამას ბოლოს განვსაზღვრავთ. შოვი არის მაგალითი, რომელსაც ვიყენებთ, რადგან ეს იყო რეალური მოვლენა. და შოვის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ყველა სიმულაციური სცენარი და ვიმუშაოთ ცხელი წერტილების შეფასების მიმართულებით“, - აღნიშნა დანიელ ტობლერმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მყინვარული ხეობების ვერტმფრენიდან ვიზუალური დათვალიერება და შეფასება, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად მოხდება სიტუაციის გაანალიზება და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.
ცნობისთვის, „GEOTEST AG” ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საფრთხეების შეფასების და საპრევენციო რეკომენდაციების გაცემის კუთხით მუშაობის გამოცდილება აქვს.