ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის აზრით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო და ხელისუფლება რეფორმის განსახორციელებლად მზად არ იყო.
ამის შესახებ ჩოჩელმა “ბიზნესმედია ლანჩზე“ განაცხადა.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი მენეჯმენტიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, არავინ არ იყო მზად ამისთვის. ვფიქრობ, რომ მოდელი აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, პირველ ეტაპზე მაინც. ნელ-ნელა უნდა გვეჩვენებინა თუ რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ამ პროგრამამ. მოდელიც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ჩვენც არ ვართ ბოლომდე ინფორმირებულები", - განაცხადა ბიზნესმენმა.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო ფონდის ანგარიშზე უკვე 100 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული.
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა პირველი სამი თვე ყველასთვის სავალდებულო იყო. დღეიდან კი, 40 წელს ზევით დასაქმებულებს შეუძლიათ სისტემა დატოვონ.

























