დღეს საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ნინო კვეტენაძეს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილს და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა მომავალი 2 კვირის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შეჩერება იყო. კლუბების გაერთიანება ACT4CULTURE–ის ხელძღვანელი დავით ლეჟავა ამბობს, რომ შეხვედრაზე გაჟღერდა საკლუბო ბიზნესისთვის საკომპენსაციო დახმარების პაკეტის შემუშავებაც, რომელზეც უფრო მეტი ინფორმაცია ცნობილი მომავალ კვირებში გახდება.
“დაგვპირდნენ დახმარებას კომპენსაციის სახით. საუბარია იმ პერიოდზე, როცა ღამის კლუბების მუშაობა იქნება შეზღუდული. ეს წინადადება წამოვიღეთ შეხვედრიდან, რომელიც დღეს შედგა და დღის ბოლომდე იქნება განხილული ღამის კლუბების წარმომადგენლებთან. სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან დავიწყებთ აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაციას და უფრო მეტი დეტალი ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მაშინ გახდება ცნობილი. ჩვენთვის, ჯერჯერობით, უცნობია თუ რა ფორმით იქნება კომპენსაციები გაცემული. ასევე არ ვიცით, რა მასშტაბის იქნება ეს დახმარება, თუმცა დაპირება არის და ველოდებით", - აცხადებს ღამის კლუბების გაერთიანების, ACT4CULTURE-ის ხელძღვანელი დავით ლეჟავა.
ცნობისთვის: გასულ წელს ღამის კლუბებმა 3-თვიანი დახმარების პაკეტით ისარგებლეს, რომელიც ჯამში, 2 მლნ ლარი დაჯდა. აღნიშნული ფინანსური დახმარებით დასუბსიდირდა ღამის კლუბების საიჯარო თანხები და კომუნალური გადასახადები. ასევე დიჯეებმა და ელექტრონულ მუსიკასთან კავშირში მყოფმა ტექნიკურმა პერსონალმა სახელფასო ანაზღაურებაც მიიღო.