ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ, გვიან ღამით ღაზას სექტორზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადება, რომელმაც განმარტა, რომ დაგეგმილი დარტყმები იქნებოდა პასუხი ჰამასის მიერ ცეცხლის გახსნისა და ისრაელელი ჯარისკაცის მკვლელობაზე. ვიდრე ახალ დარტყმებს განახორციელებდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარეებს პოზიციების დაცხრობისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. თუმცა სამეთაურო შტაბისგან თანხმობის მიღების შემდეგ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზაზე შეტევა მაინც მიიტანეს.
როგორც დღის განმავლობაში, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროსგან გახდა ცნობილი, შეტევებს 104 ადამიანის, მათ შორის 46 ბავშვისა და 20 ქალის სიცოცხლე შეეწირა. პარალელურად, ჰამასმა განაცხადა, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტის დღიდან დღემდე შეთანხმების ერთგულები იყვნენ და იგივე პოზიციაზე დარჩებიან.
ნეთანიაჰუს კაბინეტში განმარტეს, რომ სარაკეტო შეტევები იყო არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, არამედ ჰამასის ქმედების საპასუხო ნაბიჯი და რომ შეთანხმება ისევ ძალაში რჩება. იგივე პოზიცია გაიზიარა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც განაცხადა, რომ რეალურად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ჩაშლილა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს, ჰამასი კი გააფრთხილა, რომ პატივი სცენ დადებულ შეთანხმებას.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საერთაშორისო შუამავლობით 10 ოქტომბერს შედგა და პირველი ფაზის ფარგლებში ტერორისტულმა ორგანიზაციამ ყველა ცოცხლად გადარჩენილი ტყვე გაათავისუფლა, ამასთან, დადო პირობა, რომ ყველა იმ გარდაცვლილი მძევლის ცხედარს გადასცემდა ისრაელს, რომელსაც მიაგნებდა. საპასუხოდ, ისრაელმა 1950 პალესტინელი პატიმარი, მათ შორის 250 სამუდამო მსჯავრდადებული პირი გაათავისუფლა.
ისრაელსა და ჰამასს შორის ვითარება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეთანხმების მიუხედავად ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელს მეტ გარდაცვლილ მძევალს ვეღარ გადასცემდა, რადგან მათი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდა. დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, როცა ჰამასმა წითელ ჯვარს ერთი ისეთი ცხედარი გაატანა, რომელიც მძევალს არ ეკუთვნოდა.




























