მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიწიოს განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი ან ადგილობრივი რითეილერებიც გავთავისუფლდეთ დღგ-სგან - კახა ხაზარაძე

კახა ხაზარაძე

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე საერთაშორისო ონლაინ პლატფორმების ექსპანსიასა და საქართველოში არსებულ განბაჟების 300-ლარიან შეღავათს ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. ბიზნესმენის განცხადებით, არსებული მდგომარეობა არათანაბარ პირობებში აყენებს ადგილობრივ რითეილერებსა და საერთაშორისო „მარკეტფლეისებს“.

კახა ხაზარაძე BMG-სთან განმარტავს, რომ ადგილობრივი იმპორტიორები ნებისმიერი ღირებულების პროდუქციაზე დამატებული ღირებულების გადასახადს იხდიან, 300 ლარამდე ღირებულების ამანათები კი ამ გადასახადისგან თავისუფლდება. მისი თქმით, გამოწერების 80% სწორედ ამ ზღვარს ქვემოთ ხდება, რაც ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია.

„ეს პრობლემები სანამ ჩვენ შეგვექმნებოდა, ევროპასაც შეექმნა, თუმცა მათ მარტივი გადაწყვეტილებები მიიღეს - თუ არ ვცდები, 20 ევროზე მაღალი ღირებულების ამანათზე განბაჟების ფორმატი შემოიღეს და ამით ერთნაირ პირობებში ჩააყენეს არსებული რითეილერები, იმ კომპანიებთან, რომლებიც ამ გამოწერით, უფრო სასათბურე პირობებში იმყოფებიან.

ჩვენ იმპორტიორები, რითეილერები, განბაჟების ნაწილში, ნებისმიერი ინვოისის ღირებულებიდან დღგ-ს ვიხდით. ე.წ. „მარკეტფლეისის“ ბრუნვა კი კატასტროფულად იზრდება - მე როგორც ვიცი, 40-50%-ით გაიზრდება წელს, ანუ ჩათვალეთ, რომ ამ პროდუქციის 80%-ზე ქვეყანა დღგ-ს დაკარგავს.

საბოლოოდ, ქვეყანა კარგავს შემოსავალს იქიდან გამომდინარე, რომ იმ პროდუქციას, რომელსაც ჩვენ აქ არსებული რითეილერები ვყიდით, სხვა კომპანია ჩაანაცვლებს, ჩვენ ნაკლებს გავყიდით და შესაბამისად, დღგ-ს სახით სახელმწიფო შემოსავალს დაკარგავს. ეს არა მარტო დღგ-ია - ეს გამოიწვევს შემდეგ სავაჭრო ობიექტების შემცირებას, სადაც არენდის შემოსავლებიდან სახელმწიფო გადასახადს იღებს, გამოიწვევს პერსონალის შემცირებას - სადაც, საშემოსავლო გადასახადია და კომპლექსურად, ბიუჯეტი ზარალდება ამ პროცესისგან.

უნდა არსებობდეს სამართლიანი თამაშის წესები და ნებისმიერი კომპანია - გარეთ მყოფი ე.წ. მარკეტფლეისი თუ სხვა ონლაინ კომპანიები, რომლებიც დღეს იყენებენ და საქართველოს ბაზარზე ამა თუ იმ პროდუქციას ყიდიან, თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ ჩაყენებული“, - აცხადებს კახა ხაზარაძე BMG-სთან.

კახა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბაზარზე კონკურენციის გასათანაბრებლად. მისი თქმით, ან უნდა დაიწიოს განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი (ევროპული გამოცდილების მსგავსად), ან ადგილობრივ რითეილერებსაც მიეცეთ დღგ-სგან გათავისუფლების საშუალება 300 ლარამდე ღირებულების იმპორტირებულ პროდუქციაზე.

„სახელმწიფო არჩევანის წინაშე დგას - იზრუნოს ქვეყნის შემოსავლებზე და ბიზნესის გადარჩენაზე, თუ გაითვალისწინოს მოსახლეობის შესაძლო უკმაყოფილება, რასაც განბაჟების ზღვრის დაწევა გამოიწვევს. თუმცა, სამართლიანი თამაშის წესები აუცილებელია,“ - აცხადებს ხაზარაძე.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, 2025 წელს საქართველოში 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერეს. ამანათების ჯამური ღირებულება 2024 წელთან შედარებით 604 მილიონი ლარით, ანუ 42%-ით არის გაზრდილი, რაოდენობრივად კი, 32%-ით. ამ ამანათების ჯამური ღირებულების 43%, ანუ 874 მილიონი ლარი ჩინეთიდან გამოწერილ ამანათებზე მოდის. ამ ქვეყნიდან გასულ წელს ჯამში 13 მლნ 680 ათასამდე ამანათი შემოვიდა. რაც ნიშნავს, რომ რაოდენობრივად, მთლიანი ამანათების 69% სწორედ ჩინეთიდან იყო გამოწერილი. ჩინური ამანათების ბუმი ონლაინ ვაჭრობის გიგანტებს - Temu-ს; Shein-ის; Alibaba-ს; Pinduoduo-ს და მათ მიერ გზავნილის უფასოდ მიწოდების სერვისს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები