ლაგოდეხში შესაძლოა, თამბაქოს მოყვანა დაიწყოს.
როგორც „საქმის კურსში“ ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ჯერ საკითხი საწყის ეტაპზეა და მოკვლევა უნდა ჩატარდეს, თუმცა თუ თამბაქოს მოყვანის საკითხი გადაწყდება, პროცესში თანამონაწილე სახელმწიფო იქნება.
“კონსულტაციებს გავდივართ სოფლის მერუნეობის სამინისტროსთან, უნდა ჩატარდეს კვლევები. კვლევას კიდევ დრო სჭირდება. ნებისმიერი პროდუქტისთვის გამოწვევაა მისი რეალიზაცია, მათ შორის თამბაქოსთვისაც. კერძოდ, სად მოხდება მისი გაყიდვა, თორემ მოყვანის თვალსაზრისით, ლაგოდეხის რაიონი ერთ-ერთი წარმატებული იყო. ჩემი შეკითხვაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მიმართ ის იყო, მომხდარიყო დახმარება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან ურთიერთობების დამყარება იმისათვის, რომ თუ იქნებოდა მოთხოვნა თამბაქოს შესყიდვაზე, ჩვენს მოსახლეობას მიეცემოდა საშუალება, რომ დაეწყო ამ კულტურის მოყვანა“, - აცხადებს ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი გურამ მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, თამბაქოს მოყვანა დაკავშირებული არააა მაინცდამაინც იმასთან, რომ პროდუქტი იყიდოს მწარმოებელმა; იმისთვის, რომ სიგარეტი დაამზადოს, არის საუბარი ისეთ პროდუქტბზეც, როგორიცაა სამკურნალო საშუალებები.
ამასთან, მაჭარაშვილის განმარტებით, „თუ მოთხოვნა იქნება, ხელისუფლების მხრიდანაც ჩართულობა იქნება“.
„თამბაქოს მოსაყვანად, ინფრასტრუქტურა, როგორც ასეთი, ლაგოდეხში აღარ არსებობს. უახლესი თანამედროვე ინფრასტრუქტურა სულ სხვანაირია და შესაბამისობაში ვერ მოვლენ ერთანეთთან, რაც ათეული წლის წინ იყო. რამდენიმე კვირაში გვექნება პასუხი, რა ეტაპზე ვართ, ასევე საერთოდ როგორ შეიძლება მოხდეს ამ პროდუქტის რეალიზაცია იმ მასშტაბით, რა მასშტაბებიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მასობრივი მოყვანა დაიწყოს თორემ მცირე რაოდენობით დღესაც არსებობს სხვადასხვა კუთხეში. მათ შორის ჩვენს რაიონშიც, მოსახლეობა ახერხებს იმას, რომ თავისი კერძო არხებით მოახდინონ თამბაქოს რეალიზაცია“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ: თამბაქოს კულტურა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1990 წლამდე მასობრივად მოჰყავდათ და მისი რეალიზაცია ძირითადად რუსეთში ხდებოდა. რაც შეეხება თამბაქოს კულტურის აღდგენას, საუბრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ საუბარია.

























