უკრაინულ კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელმაც დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა, ქართული მხარე დავის პროცესშია.
კომპანია "ალტკომის" გარდა, დავა მიმდინარეობს იმ უკრაინულ ბანკთანაც, რომელმაც "ალტკომზე" ავანსისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია გასცა.
გზების დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის სალომე წურწუმიას განმარტებით, საუბარია "პრომ ინვესტ ბანკზე", რომელთანაც გარანტიების ფარგლებში დავა სასამართლოში უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, პროცესი დაწყებულია და სხდომებიც ჩაინიშნა.
ქართული მხარე ბანკისგან დაახლობით 18 მილიონ ევროს ითხოვს ავანსის გარანტიის ფარგლებში და ასევე, დაახლოებით 6,5 მილიონ ევროს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნაწილში.
რაც შეეხება კომპანია "ალტკომთან" დავას, წურწუმიას თქმით, ამ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დავის გადაწყვეტის მექანიზმად ჩადებული იყო არბიტრაჟი.
"საარბიტრაჟო დავის დაწყებაზე მოთხოვნა გავუშვით იუსტიციის სამინისტროში და იუსტიციის სამინისტრო უკვე აწარმოებს შესაბამის ქმედებებს", - განმარტავს წურწუმია.
რა მოცულობის თანხას ედავება ქართული მხარე "ალტკომსს", წურწუმია საარბიტრაჟო დავის დასრულებამდე არ საუბრობს.
"არის გარემოებები, რომელსაც დავის შინაარსიდან გამომდინარე ვერ გავამჟღავნებთ, რადგანაც ჩვენს საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს გამოყენებული", - აცხადებს გზების დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი.
გარანტიების ნაწილში უკრაინულ ბანკთან დავა მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში დაიწყო. უკრანის სასამართლოში ქართული მხარის ინტერესებს იურიდიული კომპანია White & Case იცავს.
"ალტკომთან ხელშეკრულება 2017 წლის 2 ოქტომბერს შეწყდა. აღნიშნულ კომპანიას სამტრედია-გრიგოლეთის გზის ერთ-ერთი მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, თუმცა "ალტკომმა" დაახლოებით 25 მილიონი ევრო აიღო ავანსის სახით სახელმწიფოსგან, ვალდებულებები არ შეასრულა და ქვეყნიდან წავიდა.
ამ საქმესთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს კითხვები დეპუტატებმა პარლამენტში საქმიანობის ანგარიშის წარდგენისასაც დაუსვეს.
"ჩვენ 2018 წელს, მანამდე სანამ 2018 წელს დავიწყებდით იურიდიულ დავას, გვქონდა მცდელობა, რომ ჩვენი ეროვნული ბანკის მეშვეობით, უკრაინის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის და კავშირების, რომ უკრაინულ ბანკს ეს ვალდებულება შეესრულებინა. თქვენ იცით, რომ ამ პროექტთან მიმართებით კონტრაქტორს საავანსო თანხა გადაერიცხა დაახლოებით, 25 მილიონი ევროს ოდენობით და ამის საპირწონედ წარმოდგენილი იყო უკრაინული ბანკის გარანტია და ამ ბანკმა უარი განაცხადა საბანკო გარანტიის აღსრულებაზე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
"ალტკომთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე ტენდერი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავიდან გამოაცხადა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, "ალტკომმა" აღნიშნული გზის სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა.
აღნიშნულ პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. დარჩენილი სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია.

























