ევროპის საბჭოს „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი“ (CPT) ახალ ანგარიშს აქვეყნებს 2024-25 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტმა შეაფასა პოლიციის პატიმრობაში მყოფი პირების მკურნალობისა და მათი უფლებების დაცვის გარანტიები. მათ შორის იყვნენ ის პირებიც, რომლებიც თბილისში 2024 წლის 29 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დააკავეს.
ანგარიშში წერია, რომ დაკავებისას ნიღბიანი და არაიდენტიფიცირებადი პოლიციელები ურტყამდნენ მთელ სხეულზე, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
"2024 წლის 28 ნოემბრამდე გამოკითხული დაკავებულების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც იმყოფებოდნენ ან მანამდე იყვნენ პოლიციის პატიმრობაში აცხადებდა, რომ პოლიცია მათ კორექტულად ეპყრობოდა. ამის საპირისპიროდ, კომიტეტი საჩივრების დიდმა ნაკადმა მოიცვა არასათანადო მოპყრობის შესახებ, როდესაც მან 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული მრავალი პირი გამოკითხა. გამოკითხულთა უმეტესობას აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ზოგიერთ მათგანს კი მძიმე დაზიანებები, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.
მათ აღწერეს აქციის დროს პოლიციის ქცევის მკაფიო მოდელი: ნიღბიანი და კაპიუშონიანი, იდენტიფიცირების ნიშნების არმქონე პოლიციელები ჯგუფურად აკავებდნენ პირებს, განურჩევლად ურტყამდნენ მუშტებსა და ფეხებს მთელ სხეულზე და ემუქრებოდნენ. გარდა ამისა, ცემის ფაქტები, ცნობების თანახმად, განმეორებით ხორციელდებოდა ერთდროულად რამდენიმე ოფიცრის მიერ, მათ შორის მაშინაც, როდესაც პირებს ხელბორკილები ზურგს უკან ჰქონდათ დადებული. თითქმის ყველა შემთხვევაში, ძალადობა წყდებოდა მას შემდეგ, რაც დაკავებულებს არანიღბიან პოლიციელებს გადასცემდნენ", - წერია კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
CPT-ის მთავრობისგან ითხოვს, რომ აქციებზე მობილიზებულ სამართალდამცავ ორგანოთა ყველა ნიღბიან თანამშრომელს ჰქონდეს ხილული საიდენტიფიკაციო ნიშანი.
კომიტეტი ეწვია N1, N8, N15 პენიტენციურ დაწესებულებებს, N18 სამკურნალო დაწესებულებას და N2 დაწესებულებას ქუთაისში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ციხეში დაცული იყოს დადგენილი ტევადობა, მათ შორის, მრავალადგილიან საკნებში თითო პატიმარზე 4 კვ.მ ფართის სტანდარტის გათვალისწინებით.
ანგარიშში ასევე წერია, რომ პატიმრებს აკლიათ ორგანიზებული აქტივობები საკნის გარეთ; ბევრი მათგანი დღეში 23 საათის განმავლობაში საკნებშია გამოკეტილი (გარდა N15 დაწესებულებისა). გარდა ამისა, ბევრი პატიმარი თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში იმყოფება სამარტოო საკანში, ძალიან შეზღუდული ადამიანური კონტაქტით და ხშირად მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. ევროსაბჭოს კომიტეტის განცხადებით, ასეთი ქმედება მიუღებელია.
"წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი“ დადებითად აფასებს ციხეები ჯანდაცვის სერვისს, თუმცა აკრიტიკებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გატარებულ ზომებს, ასევე აცხადებს, რომ დამოკიდებულების მქონე პატიმრების მიმართ მიდგომა შემოიფარგლებოდა ძირითადად დეტოქსიკაციით და ჩანაცვლებით თერაპიაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობით. "ყველა მონახულებულ დაწესებულებაში პერსონალის მწვავე დეფიციტია. აკლიათ როგორც საკნის პერსონალი, ისე სოციალური მუშაკები, რაც შეუძლებელს ხდის ადეკვატური პირობების ჩამოყალიბებას", - წერია ანგარიშში.




























