შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 3 ახალგაზრდა, რომლებიც ჩასარიცხ აპარატებში არსებულ თანხას იპარავდნენ. კერძოდ, როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას.საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა", - წერია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























