შსს-ს განცხადებით, დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც დღეს უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.
ცნობისთვის, ამჟამად რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ვითარება დაძაბულია. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან დაკავებები მოჰყვა. ამის შემდეგ საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა, აქციის მონაწილეებმა კი უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ მოქალაქეების დაკავება კვლავ გააგრძელა. დაკავებულებს შორის არიან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ასევე ფინანსისტი ნიკა შურღაია.
"დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის რამდენიმე მონაწილემ უკანონოდ სცადა გზის გადაკეტვა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს.
შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.
რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას - ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები",- აცხადებენ შსს-ში.




























