მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულის სეიფიდან $1 მლნ ამოვიღეთ - პროკურატურამ ქოლცენტრების კიდევ ერთი საქმე გახსნა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ე.წ. ქოლცენტრების მორიგი საქმის გახსნის შესახებ ავრცელებს განცხადებას. უწყების ინფორმაციის თანახმად, სულ დაკავებულია 4 პირი, რომელთაგან ერთ-ერთის ჩხრეკისა სეიფიდან 1 მილიონი დოლარი ამოიღეს, მთლიანად ოთხივე პირის თაღლითურმა ჯგუფმა კი მსხვერპლებს 1.6 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო მოპარა.

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური დაჯგუფებების ორგანიზატორები აშშ-ის მოქალაქეებს ყალბ საინვესტიციო წინადადებას სთავაზობდნენ და მსხვერპლთაგან მიღებული თანხების ლეგალიზაციას კრიპტოვალუტების მეშვეობით ახდენდნენ.

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები. ოპერატორები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად კი, დაზარალებულთა მიერ ინვესტიციისათვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.

ამ ფორმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს და 1 მილიონ ევროს.

საზღვარგარეთ, ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და კრიპტოსაფულეებზე აკუმულირებული, უკანონოდ მოპოვებული ზემოაღნიშნული აქტივებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მრავალჯერადი ტრანზაქციებით და ფიქტიური დანიშნულებებით რიცხავდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის კონტროლირებად სხვადასხვა საბანკო და კრიპტო ანგარიშებზე, მათ შორის საქართველოში. დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვის შემდგომ კი ახდენდნენ მათ ინვესტირებას უძრავ-მოძრავ ქონებებში.

გამოძიების მიერ, მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონებები, სანაკო ანგარიშებზე არსებული თანხა დაახლოებით მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარისა და ნახევარი მილიონი ევროს ოდენობით.

ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 240 000 ამერიკული დოლარის ღირებულების სხვადასხვა კრიპტოვალუტა, 400 000 დოლარამდე ფულადი თანხა და ძვირადღირებული ნივთები. ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორის საბანკო სეიფის ჩხრეკისას ამოღებულია 1 000 000 ამერიკული დოლარი.

ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი წარმომავლობის მქონე ქონებების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 100 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა 40 მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, ყადაღა დადებულია სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებზე, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები