ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში საკრედიტო აქტივობის შენელება საყურადღებოა და ეს პირველ რიგში, ბიზნესსა და მოსახლეობაში არსებულ ნეგატიურ განწყობებზე მიუთითებს.
საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა საბანკო სექტორში საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შენელება ფიქსირდება. თუკი გასული წლის მაისში სასესხო პორტფელი თითქმის 19 %-ით იყო გაზრდილი, წელს მაისში ზრდის ტემპი უკვე 15%-მდეა შენელებული.
როგორც ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა BMG-ის დაკრედიტების მაჩვენებლების შეფასებისას განუცხადა, საყურადღებოა ახლად გაცემული კრედიტების ზრდის ტემპიც შენელებაც. მისი თქმით, დაკრედიტების ტემპის შენელების შენარჩუნება ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
“წინა წლის საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი 19% იყო. წელს მაისში კი ეს მაჩვენებელი 15%-ზე ჩამოვიდა. ეს მნიშვნელოვანი კლებაა. პირველ რიგში, ეს მიუთითებს ორ რამეზე. პირველი - მოთხოვნა კრედიტზე, სავარაუდოდ, შემცირებულია და პარალელურად ამისა, თვითონ საბანკო სექტორი არის უფრო ბევრად ფრთხილი დაკრედიტების მხრივ. ერთი შეხედვით, 15%-იანი ზრდა შეიძლება ვთქვათ, რომ არის ნორმალური მაჩვენებელი. მაგრამ აქ უკვე შემოდის ერთი ელემენტი. ეს არის ყოველთვიური დაკრედიტების მაჩვენებლები და ეს მაჩვენებელი შენ გაძლევს სიგნალს, როგორ განვითარდება ეს მდგომარეობა ახლო მომავალში. ჩვენ გვაქვს პირველი ხუთი თვის შედეგები, ახალი გაცემული სესხების მოცულობების კუთხით და აქ ვხედავთ ძალიან საინტერესო და ამავდროულად, დამაფიქრებელ სურათს. ზრდა ხუთ თვეში, წინა წლის ხუთ თვესთან შედარებით არის 7%. ადვილად შეიძლება გაკეთდეს პროგნოზი, რომ თუ ზრდის ტემპი შენარჩუნდა ამ დონეზე, მაშინ წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ, მთლიანი პორტფელის 15%-იანი ზრდის ტემპი შეიძლება მიუახლოვდეს საერთოდ შვიდ პროცენტიან მაჩვენებელს.
შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საყურადღებო სურათია. ცალკე იმიტომ, რომ საბანკო სექტორი შეჩვეულია ძალიან მაღალ ზრდას. შესაბამისად, ეს შეეტყობა შემდეგ უკვე სავარაუდოდ ამ სექტორის მოთამაშეების მოგებიანობას და მეორე მხრივ, საყურადღებოა დაკრედიტების შენელება ეკონომიკაში, რომელიც სულდგმულობს კრედიტით, იმიტომ რომ ჩვენ კაპიტალის მოძიების სხვა საშუალებები რეალურად არ გვაქვს და დანაზოგების წილიც საზოგადოებაში დაბალია. ეს ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიანად დაკრედიტების შენელება ასევე უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლებზე. შესაბამისად, ეს არის ერთი მხრივ საყურადღებო თვითონ სექტორის მოთამაშეებისთვის და მეორე მხრივ, საყურადღებოა, როდესაც მთლიანი ეკონომიკურ გარემოს და ეკონომიკურ პერსპექტივებს ვაფასებთ”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.




























